22-03-2020
ყოველდღიურად ვუყურებთ სად რა ვითარებაა და იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვას ეხებოდა.
სოზარ სუბარის თქმით, დღეს ბევრი ინფორმაცია მიიღო რეგიონებიდან და მთავრობამ კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიიღო.
„მაგალითად, დღეს რეგიონებიდან იყო ძალიან ბევრი ინფორმაცია მოსული. ის საკოლმეურნეო ბაზრები, როგორც ადრე ერქვა, თუ ღია სასურსათო ბაზრები, რომლებიც დარჩა, პრაქტიკულად, ყველგან იყო ეს დისტანციები დაცული, თუმცა იყო რამდენიმე ისეთი ბაზარი, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა და დღეს უკვე მიღებულია ზომები, რომ ხვალიდან, ზეგიდან ასეთი ბაზრები ზოგი დავკეტოთ, ზოგთან ეს დისტანციები იყოს დაცული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
პრემიერის მრჩეველმა ასევე ისაუბრა ეკლესიებთან დაკავშირებით.
„ეკლესიებს რაც შეეხება, დღეს ასევე იყო ძალიან ბევრი ინფორმაცია ეთერშიც, გუბერნატორები, მერები მირეკავდნენ, რომ უმეტეს ადგილას ეს დისტანციები იყო დაცული, ზოგ ადგილას გარეთ ტარდებოდა, ხალხი გარეთ იდგა.
ზოგიერთ შემთხვევაში არის დისტანცია დარღვეული და ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვმუშაობთ, რომ იქაც, ეს სოციალური დისტანცია იყოს დაცული მაქსიმალურად, მიდგომა ყველგან არის ერთი და იგივე. სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. დავიცვათ კანონის მოთხოვნა და მოწოდება, რომელიც მოდის ხელისუფლებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.