გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე: აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პირობებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს

23-03-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის განაცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას წარმოადგენს .


"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ ე. წ. არჩევნებს სამართლიანად გმობს მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მას იმ საზღვრების შემადგენელ ნაწილად განიხილავს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, იგი არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ე.წ. ახალი რეალობის სამართლებრივად დამკვიდრების მცდელობებს.
ბუნებრივია, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაც, ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პირობებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს, ვინაიდან იგი ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას, მაშინ, როდესაც აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის უფლებები უხეშად ირღვევა რუსეთის ფედერაციის და მათ მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ერთმნიშვნელოვნად ცხადია - აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა მორიგი ძალადობა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის საზოგადოების მიმართ"-აღნიშნა აბაშიძემ.


მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობა მზად არის, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ თანამოქალაქეებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინოს.


"აქვე მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთის მთავრობა, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მზად არის, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოუჩინოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც უშუალოდ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით.
მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი, ახალი რეალობიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ენგურის იმ მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს - განვავითაროთ ურთიერთობები, ვიფიქროთ მომავალზე და ერთობლივად ვეძებოთ საერთო მიდგომები და გზები არსებული ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავლის საპოვნელად!"-განაცხადა აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930