24-03-2020
სწრაფი ტესტების გამოყენება საქართველოში უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისინი პირველ რიგში ტესტებს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოიყენებენ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აპრილის დასაწყისიდან ქვეყანაში სწრაფი ტესტების საკმარისი როდენობა იქნება.
"ველოდებით საწყის რაოდენობას ანტიგენზე დამყარებული ტესტებისა, რომელიც არის ერთადერთი სწორი ლაბორატორიული მეთოდი კორონავირუსის გამოვლენისთვის შესაფერის ბიოლოგიურ მასალაში. აპრილის დასაწყისიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში იქნება საკმარისი რაოდენობა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, მეტად გავშალოთ და სწრაფად ჩავატაროთ ტესტები სხვადასხვა პოპულაციაში," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მომატებული გავრცელების შემთხვევაში, სამინისტროს ექნება გეგმა, რის მიხედვითაც მიზნობრივ ჯგუფებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სწრაფი ტესტები, რათა შიდა გავრცელება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
"პირველ რიგში გეტყვით, რომ მას მერე, რაც ტალღა წამოვა სამედიცინო პერსონალს მაგალითად ყოველდღე უნდა ჩაუტარდეს ტესტირება. ამ მიზნით სწრაფი ტესტირება იდეალური ვარიანტია. რომელ დაწესებულებებში გაკეთდება, ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული იქნება ინსტრუქციაში, ეცოდინება ყველა პირველადი ჯანდაცვის ექიმს. როგორც კი მომატებული გავრცელება გვექნება, მაშინვე ეს სქემები ამუშავდება," - აცხადებს ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მკვლევარი აკაკი ზოიძე.