გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატრიარქის აღსაყდრებიდან ხვალ 40 წელი სრულდება

24-12-2017

უწმიდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ილია მეორის აღსაყდრებიდან ხვალ 40 წელი სრულდება.
ილია II 1957 წელს ბერად აღიკვეცა, 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.
1977 წლის 25 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები; 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები.
ხულოში შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია; ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა; მონასტრებისა — 53-მდე; სასულიერო პირთა — 1000-მდე; მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა; აშენდა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“. 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო 1997 წლიდან არის გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი. არის ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო და აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი. მონაწილეობდა მშვიდობის დაცვის რამდენიმე ფორუმში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930