17-03-2018
რუსეთმა გამოიყენა ისეთი იარაღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში არ გამოყენებულა, რუსეთის ქმედებას გმობენ არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ ევროკავშირსა და აშშ–შიც. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ ბრიტანეთი არაა მარტო.
თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ, ისევე, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, რუსეთზე საუბრისას საქართველოც ახსენეს და აღნიშნეს, რომ ის რუსეთის მსხვერპლია. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ძლიერი ქვეყნები ღია ტექსტით გმობენ რუსეთის ქმედებებს და მოიხსენიებენ საქართველოსაც, როგორც ერთ–ერთ მაგალითს, მშვენიერი შანსი ჩნდება საქართველოსთვის საერთაშორისო სივრცეში წინ წამოწიოს საკუთარი პრობლემები, ოკუპაციის საკითხი და სულ ახალი ჭრილობა – მოქალაქეების მკვლელობა კონფლიქტის ზონებში. ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს საქართველო დუმს. არც ერთი ოფიციალური განცხადება უმაღლეს დონეზე არ გაკეთებულა, რომელიც იქნებოდა მძლავრი სიგნალი იმისა, რომ საქართველო იმ გუნდშია, რომელიც რუსეთის ქმედებებს კანონგარეშე მიიჩნევს.
„ამერიკის ხმა“ ეცადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერა შეუძლებელი აღმოჩნდა.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას სერგი კაპანაძე ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ასეთი კარგი და ნოყიერი ნიადაგი რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ათწლეულის განმავლობაშიარ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით უკრაინის მოვლენებს, რომელიც ჩვენ „გამოვტოვეთ“. „ახლა, საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არის იმის შანსი, რომ ჩვენი პრობლემები წინა პლანზე წამოვწიოთ, რომ შედეგი მოიტანოს ჩვენმა აქტიურობამ, მივიტანოთ ჩვენი ქეისი, ჩვენი სათქმელი საერთაშორისო თანამეგობრობამდე დიდი ბრიტანეთი იქნება, აშშ თუ სხვა.ლონდონში აპელირებენ საქართველოს 2008 წლის ომითაც. ტერეზა მეიმ გუშინ პარლამენტში, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა გაეროში თქვეს, რომ საქართველო არის ერთ–ერთი ობიექტი რუსეთის მხრიდან თავდასხმის. ჩვენთვის ეს არის კარგი შანსი. ამ ყველაფრის ფონზე პრემიერის განცხადებები სრულიად არაადექვატური მეჩვენება. ჩვენი პატრნიორები ღიად და საღად იწყებენ რუსეთის შეფასებას, ჩვენ სამწუხაროდ, სრულიად საწინააღმდეგო რამეს ვაკეთებთ“.
ერთადერთი განცხადება, რაც ონლაინ სივრცეში საქართველოს პოზიციად შეიძლება იყოს აღქმული საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ტვიტერის ტექსტია, სადაც ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ბრიტანეთს სიმართლის დადგენის საქმეში. სერგი კაპანაძე ამბობს: „ტვიტერზე ჯანელიძემ თქვა, სიმართლის დადგენას ვემხრობითო. დადგინდა უკვე სიმართლე, მაგრამ არავის დაუძრავს სიტყვა იმის შესახებ, რომ რუსეთია დამნაშავე. ტერეზა მეიმ რუსეთს ხელი პირდაპირ დაადო. დღეს ჩვენ ვნახეთ განცხადებები, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ქიმიური იარაღის გამოყენების. ამ დროს ჩვენ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისგან ზოგადი განცხადებები გვესმის იმის შესახებ, რომ „იმედი აქვთ სიმართლის დადგენის“. რუსეთიც იგივეს ამბობს და ასეთი თანხვედრა რიტორიკაში ძალიან სამწუხაროა.“
„პრო“რუსულობისა და „პრო“დასავლურობის საკითხი მიმდინარე კვირას აქტიურად განიხილება. ამ მსჯელობას ბიძგი პრემიერმა კვირიკაშვილმა მისცა, რომელმაც გასული კვირის ბოლოს მოულოდნელი განცხადება გაავრცელა. მისი მესიჯი რუსეთთან ურთიერთობის ფორმების გაახლებას, გადასინჯვას, ტრანსფორმაციას უკავშირდებოდა. პრემიერის ინიციატივას სახელმწიფოსთვის დამაზიანებლად მიიჩნევს ოპოზიცია და მას ამ საკითხის განხილვისთვის პარლამენტში მოსვლისკენ და თემის განხილვისკენ მოუწოდებს.
პრემიერის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის ფორმატის გადასინჯვის ან მასში თავად პრემიერის შესაძლო ჩართვის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახსნა, როგორც უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის სურვილი, რასაც ასევე წამგებიანად მიიჩნევს ოპოზიცია.დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს რუსეთი უპირისპირდება, ამიტომ მხარე რუსეთია, თუმცა მასთან უშუალო დიალოგში ჩართვა, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების გარეშე, საქართველოსთვის წამგებიანია – მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც ამ თეზისს იმით ამყარებს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა ნიშნავს იმას, რომ საქართველო არათანაბარ მდგომარეობაშია და შესაბამისად, დიალოგის შედეგიც მისთვის არასასურველი და კაბალური იქნება.
ამიტომაც ჟენევის დისკუსიების ფორმატს, რომელშიც ქართულ, რუსულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან ერთად აშშ, ევროკავშირი, ეუთო და გაეროა წარმოდგენილი, რუსეთისთვის არაკომფორტულად და საქართველოსთვის მოხერხებულად მიიჩნევენ, აბაშიძე–კარასინის დიალოგს კი, სადაც მხოლოდ ორი მხარე ზის ერთმანეთის პირისპირ: ქართული და რუსული – უარყოფითად აფასებენ. ამგვარი დავის ფონზე პასუხი დიდმა ბრიტანეთმა თქვა, რომელმაც რუსეთი მის ტერიტორიაზე აკრძალული, ნერვულ–პარალიზებადი ნივთიერების („ნოვიჩოკის“) გამოყენებით მოქალაქეების მოწამვლაში დაადანაშაულა და საპასუხოდ 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს პარლამენტში კი მესამე კვირაა დღის წესრიგშია რუსეთის ქმედებების შემფასებელი რეზოლუციის განხილვისა და კენჭისყრის საკითხი, რამაც ეგრეთ წოდებული ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია უნდა წამოადგინოს, რომელშიც შევლენ ის პირები, ვინც ადამიანთა გატაცებასა და მკვლელობებშია ეჭვმიტანილი საქართველოს ტერიტორიაზე. დოკუმენტის მიხედვით, მათზე უნდა გავრცელდეს სანქციაც.