6-04-2020
საქართველოს მთავრობა საწარმოებში საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების აქტიურ შემოწმებას იწყებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მონიტორინგი ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექნიკური ზედამხედველობის, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექციის და მუნიციპალური ინსპექციების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით წარიმართება და დღეში 50-მდე სხვადასხვა და ბიზნესსუბიექტი შემოწმდება. მკაცრად გაკონტროლდება დასაქმებულთა შრომისა და ჯანმრთლობის უსაფრთხოების პირობების დაცვის დონე, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი სანქციები. პარალელურად, განხორციელდება იმ კომპანიების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებსაც საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერდათ, თუმცა მუშაობის აღდგენის შესახებ განაცხადით სახელმწიფოს უკვე მიმართეს.
ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. პროცესში პირადად არის ჩართული საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მოისმინა ინფორმაცია რეგიონებში “ცხელების ცენტრებად” თუ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა მისაღებად იდენტიფიცირებული კლინიკების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გასული ორი დღის განმავლობაში შეამოწმა. დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, პროგრამაში დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობის სტანდარტები შეესაბამება არსებულ ვითარებას, მედპერსონალი გადამზადებულია, გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები და ინფექციების კონტროლი სწორად მიმდინარეობს, თუმცა ყველას საერთო პოზიციაა გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს აბსოლუტური მზადყოფნა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვისთვის. ამ კუთხით დიდი როლი ენიჭება „ცხელების კლინიკების“ ეფექტურობასაც.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესი გრძელდება. ამ მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, არსებულ გრაფიკს კიდევ ორი ავიარეისი დაემატოს. 24 აპრილს სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს ბარსელონიდან, ხოლო 27 აპრილს - ვარშავიდან ჩამოიყვანს სამშობლოში. რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება, ხოლო ბილეთების გაყიდვა ფრენის თარიღამდე 2 დღით ადრე დაიწყება. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერი გამოეხმაურა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ანგარიშს, რომელმაც განათლების მიღების პროცესის უწყვეტობისთვის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასა. გიორგი გახარიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ამ კუთხით განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის, როგორიცაა დისტანციური სწავლების მოდელი და „ტელესკოლა“, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს აკადემიური წლის გამოცხადება.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი თანმდევი და ქრონიკული დაავადებების გამო, გარდაცვლილია 2 ადამიანი, რომელთა ოჯახებს საკოორდინაციო საბჭო უსამძიმრებს.
ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად განაგრძობს.