გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი

7-04-2020

„ჩვენ გვესმის რამდენად რთულ ვითარებაში უწევს ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობების განხორციელება, განსაკუთრებით ეს ეხება ფერმერების საქმიანობას, მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის დროულად ბაზარზე მიწოდებას, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა იღებს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ ჯანმრთელობაზე. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოვუხადო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო აწესებს, რადგან ეს მოთხოვნები არის გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული.

იმისთვის, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასურსათო ჯაჭვი იყოს უწყვეტი და მოსახლეობის სურსათით მომარაგებას არ შეექმნას პრობლემა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობდეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კოორდინაციაზე. მათ შორის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის დამყარდეს. ამისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, საბითუმო სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი. თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი სავაჭრო, ორგანიზებული პლატფორმა იმისთვის, რომ სანიტარიული, ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების რისკის შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930