9-04-2020
საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად მმართველი პოლიტიკური გუნდის ამოცანას წარმოადგენს, არა მხოლოდ COVID 19-თან გამკლავება და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ COVID 19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს პარტნიორ სახელმწიფოებთან, პარტნიორ საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ მაქსიმალურად შემსუბუქდეს ის ზეწოლა და დარტყმა, რაც შესაძლოა ქართულმა ეკონომიკამ მიიღოს.
„რა თქმა უნდა მივესალმებით იმ განცხადებას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთდა. ეს არის ძალიან მკაფიო და მტკიცე გზავნილი, რომ საქართველო ამ პრობლემებთან გამკლავებაში არ დარჩება მარტო და ჩვენ, მივიღებთ დახმარებას და ვიმუშავებთ ევროპელ პარტნიორებთან, არა მხოლოდ უშუალოდ და კონკრეტულად COVID 19-ის წინააღმდეგ ღონისძიებების განსახორციელებლად, არამედ იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება, ძალიან სწრაფად შევძლოთ, განვითარების დინამიკა შევინარჩუნოთ ქართულ ეკონომიკაში, რაც შეიძლება უკეთ და სწრაფად გავზარდოთ ქართული ეკონომიკა და რაც შეიძლება ნაკლებად იგრძნონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც შესაძლოა COVID 19-ის პანდემიას მოჰყვეს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.