გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან სალუქვაძე: ხომ შეიძლება ქველმოქმედება და პოლიტიკა, მით უმეტეს ვირუსთან ბრძოლის დროს, ერთმანეთისგან განვაცალკევოთ

9-04-2020

საოცარი რეაქციები მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონის გადარიცხვას. ქართული ოცნების ოპონენტთა მხრიდან მოსალოდნელი იყო გარკვეული უარყოფითი რეაქციები, მაგრამ მსგავსს, მათთვისვე წამგებიან განცხადებებს და რეაქციებს, არ მოველოდი,- ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

საქლუქვაძე ამბობს, რომ ვინც საკუთარ სახსრებს ქვეყანას, ხალხს მოახმარს, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, თავისივე გვერდზე ყველა ასეთ ინფორმაციას გაიზიარებს.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

გუშინ მშრალად დავწერე, მხოლოდ ინფორმაცია შეფასებების გარეშე, რადგან მსგავსი შემოწირულობებით არ ვართ განებივრებულები, ისევ ივანიშვილს თუ არ ჩავთვლით და რა თქმა უნდა როცა ქვეყანა, მისი ეკონომიკა, მოსახლეობა ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა.

ქართული ოცნების ოპონენტთა მხრიდან მოსალოდნელი იყო გარკვეული უარყოფითი რეაქციები, მაგრამ მსგავსს, მათთვისვე წამგებიან განცხადებებს და რეაქციებს, არ მოველოდი. ეს ხალხი ისე ლაპარაკობს, თითქოს ქვევრში ვისხედით, არ ვიცით ვინ რა ქონებით მოვიდა პოლიტიკაში და დღეს რა ფუფუნებაში ცხოვრობენ. ვისკენ იშვერთ ხელს? იქნებ საკუთარ რიგებშიც მოიძიოთ ხალხი, ვისაც მეტის გადარიცხვა ეკუთვნით? ან რაზე საუბრობთ? 3 მილიონი შვილიშვილის სახელით გადარიცხა, 100 მილიონ საკუთარი სახელით. ასევე, ნათქვამი აქვს, რომ მთავრობას და ბიუჯეტს დააზღვევს. ეს რომ თქვა და დიდი პაუზა დაიჭირა, ატყდა ერთი ამბავი, სადაა, გამოჩნდესო. ისე არ ჩნდება და საგანგებოს დროს სად უნდა გამოჩენილიყო? მაგრამ, ხომ გასაგები იყო, რომ მის ფინანსურ აქტივობებს ელოდნენ. აჰა, გააკეთა სოლიდური შემოწირულობა. რატომ გამოიწვია ასეთი გაღიზიანება? ვინმე ითხოვს, რომ მთელმა ერმა, ერთხმად, მადლობები უხადოს? ზიზღის გამოხატვას ან ასეთი უადგილო განცხადებების გაკეთებას, გაჩუმება არ სჯობდა? ან მადლობის თქმა რატომ არ უნდა შეეძლოს მოქალაქეებს? ხომ შეიძლება ქველმოქმედება, მით უმეტეს, ვირუსთან ბრძოლის დროს, და პოლიტიკა ერთმანეთისგან განვაცალკევოთ?

თან საუბრობთ ხელისუფლებას დახმარება შევთავაზეთო, ამავე დროს თუ ამ სამ თვეს გავიხსენებთ, ხან ექიმებს ებრძვით, ხან მთავრობას და გსურთ ბრძოლა კრიტიკად გააფორმოთ. ამას წინათ, როცა ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, 3 თვის მანძილზე ხელფასის 1/3 ჩავრიცხავთო, ბევრმა პირობები წამოაყენა, რა შემთხვევაში შეუერთდებოდნენ ინიციატივას. ჯერ ის გაახსენეს, პარტიაში 29 მილიონერი გყავთო. არადა, ზოგი მათგანი მანამდე წინა მმართველ პარტიაში იყო. სხვათაშორის, ბევრმა მათგანმა ხელფასს გარდა, ცალკე მსხვილი შენატანები გააკეთა. ზოგმა თქვა, თუ ივანიშვილი თავისი შემოსავლების, ხაზს ვუსვამ, შემოსავლების 1/3-ს გადარიცხავს, დავიჯერებთ გულრწფელობას და შევუერთდებითო. ქართული ოცნების დამფუძნებელმა სოლიდური თანხა ჩარიცხა. იგივე ადამიანები ახლა საუბრობენ არა შემოსავლების, არამედ მთელი ქონების არა 1/3, არამედ უკვე 2/3 გადარიცხოსო.

თუ შეერთება არ გინდათ, თქვით. შეიძლება 3 დღეში ასე შეცვალოთ მოთხოვნა? ჯერ შემოსავლების 1/3, ახლა მთელი ქონების 2/3 მოითხოვოთ?

ან რა, თუ მისი ქონება 5,5 მილიარდადაა შეფასებული, მთლიანად ნაღდი ფული გგონიათ? სოციალური ქსელის გამოხმაურებების შეფასებებს აზრი არ აქვს. ზოგმა არ დაიჯერა, ზოგმა თქვა ვალდებულიაო. ზოგმა ეს თანხა მაგისთვის არაფერიაო. ზოგმა მე რა მაგითიო? ზოგმა ეს თანხები რაში დაიხარჯებაო? რა გვჭირს? სხვა მოლოდინი არც მქონდა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შევაფასეთ, რამდენად წამგებიანი სტრატეგიაა ოპოზიციური ძალებისთვის. ადრეც დავწერე და საბოლოოდ დავაფიქსირებ, - თქვენი საქმის თქვენ იცით, ხარაკირი ხომ პირადი არჩევანია?!

ზოგი ერთპიროვნულად თავის დამსახურებად მიიჩნევს ამერიკის გადამხდელთა ფულით აშენებულ ცენტრს. მე პირადად, მის დამსახურებას არ უარვყოფ. უბრალოდ, სხვების დამსახურებაც არის ამ პროექტში, ყველას მადლობა.

ამ დროს, ერთმა პირმა, მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით, კერძოდ 5 საავადმყოფოს მშენებლობა, ერთის რეაბილიტაცია, COVID-19-თან ბრძოლა და სხვა, 600 მილიონი გაიღო და არაფერში ეთვლება. ხომ მაგარი მიდგომაა? აღარაფერს ვამბობ რესტავრირებულ ოპერაზე, ფილარმონიაზე, კონსერვატორიაზე, ლამის ყველა თეატრსა და კინო-თეატრზე, 400-ზე მეტ საჯარო სკოლაზე, ასობით ეკლესია-მონასტერზე, პარკებსა და ბოტანიკურ ბაღებზე, საკონცერტოზე, ციცინათელაზე.

საერთოდ, ქველმოქმედებას არ ებრძვიან ხოლმე, არაა მიღებული. როგორც გარდაცვლილზე, ან კარგს ამბობენ ან არაფერს, ისეა ქველმოქმედებაზე, - გსურს, შეგიძლია მადლობა უთხრა, თუ არ გსურს - შეგიძლია გაჩუმდე.

ამ წლების მანძილზე ვერ იპოვით, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაზე ცალკე დამეწეროს. გუშინაც ერთი წინადადებით შემოვიფარგლე. მაგალითად, ბერუკას სახელით გადარიცხულ 1 მლნ დოლარზე არ დამიწერია, მაგრამ ისეთი აჟიოტაჟი და გაუგებარი კომენტარები მოჰყვა გუშინდელ 100-მილიონიან გადარიცხვას, რომელიც ამ საყოველთაო განსაცდელისას, უამრავ სასიკეთო საქმეს შეიძლება მოხმარდეს, გადავწყვიტე დამესვა აქცენტები. ერთსაც დავსძენ, ვინც საკუთარ სახსრებს ქვეყანას, ხალხს მოახმარს, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, დღეიდან ჩემს გვერდზე ყველა ასეთ ინფორმაციას გავაზიარებ თუ ეს ინფორმაციები ხელმისაწვდომი იქნება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფონდ "ქართუს" გარდა, stopcov.ge-ზე გადარიცხული დანარჩენი 21 მილიონი ლარი უამრავმა ადამიანმა შეაგროვა, მათ შორის ბიზნესმენებმაც, პოლიტიკოსებმაც და პოლიტიკისგან შორს მდგომმა ხალხმაც. მინდა ყველა მათგანს, ასევე მათ, ვინც აწი გადარიცხავს, გულრწფელი მადლობა გადავუხადო. მხოლოდ ერთობა, მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ შრომა გადაგვარჩენს და გაგვიყვანს ფონს”,- წერს ამირან სალუქვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930