10-04-2020
„საქართველო მადლობელია პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან პომპეოს პირდაპირი განცხადებებისთვის, ასევე კონგრესის მხრიდან მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოუცხადა 2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“ - ნათქვამია შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის წერილში, რომელსაც „real clear world“ აქვეყნებს.
ელჩის თქმით, ამ კანონპროექტში, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება, გაჟღერებულია მოწოდება აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისკენ რუსეთის კიბერსაფრთხეებთან საბრძოლველად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „აღიარებულია საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი“.
„წარმომადგენელთა პალატამ ეს კანონპროექტი ერთხმად მიიღო, რაც წარმოადგენს იშვიათობას ამჟამინდელი პოლარიზაციის გათვალისწინებით. ჩვენ მოვუწოდებთ სენატს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ. გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააჟღერეს მითითება, რომ საქართველო საბოლოოდ უნდა გახდეს ნატოს წევრი, რომელიც, თავად ალიანსის თქმით, უკვე წარმოადგენს მის „ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს“. საქართველო მზად არის ამ როლისთვის - ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ეს ნატოს მისიებში მებრძოლთა გაგზავნის გზით, მათ შრის ავღანეთის მისიაში“ - წერს დავით ბაქრაძე
როგორც ელჩი აღნიშნავს, დასავლეთის სტრატეგიულ განხილვებში შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას ზრდის კვალდაკვალ, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს გრძელი შავიზღვისპირა ზოლი, გეოგრაფიული სიახლოვე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფოსფორის სრუტესთან და ჩვენი მზარდი დაახლოება ნატოსთან.
„საქართველოს ტერიტორიების დაცვისკენ მიმართული ძალისხმევისთვის ასევე სასარგებლო იქნება ამერიკიდან „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შემოტანა, რის მიზანსაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. მზარდი კავშირები საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლელ სახელმწიფოებს შორის განასახიერებს ერთ ჭეშმარიტებას: საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და იდეალებისადმი ურყევია. მნიშვნელოვანი საფრთხეების და მზარდი გამოწვევების პირობებში სწორედ თანამშრომლობა წარმოადგენს წინსვლის ერთადერთ გზას“ - ნათქვამია წერილში.