10-04-2020
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ და ხანდაზმული ასაკის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა თანადგომას. უწყებამ, ამჯერად, აღნიშნული კატეგორიის 2200 ვეტერანისათვის მოამზადა სასურსათო კალათები, რომლებიც ორშაბათიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააგრძელებს ვეტერანთა მხარდაჭერას მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეფიციართათვის 1000 ასეთივე სასურსათო კალათის მომზადება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს!
#StopCov#Covid19
#დარჩისახლში