11-04-2020
„მაშინ, როცა ნატოს ერთიანობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ევროპელ მოკავშირეთა უმრავლესობა ძალიან ცოტას ხარჯავს თავდაცვაზე, საქართველო ითვლება ნატოს ოპერაციებში მონაწილე ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად. ავღანეთში ნატოს მისიების ფარგლებში საქართველო, სულ მოსახლეზე კოეფიციენტის გათვლით, აგზავნის უფრო მეტ მებრძოლს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა”- წერს ბრიტანეთის ყოფილი მაღლჩინოსანი, ევროპარლამენტში ბრიტანელი „კონსერვატორების“ ყოფილი ლიდერი ჯეფრი ვან ორდენი Neweurope-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „საქართველო არის პირველი ევროპელი მეგობარი, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრიტანეთს ბრექსიტის შემდგომ პერიოდში“
როგორც სტატიაშია ნათქვამი, თბილისის პროდასავლური მთავრობა მტკიცედ მიიწევს ნატოს მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისკენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ამ მიზანს იზიარებს როგორც მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, ისე ფართო საზოგადოება, რომლის 80% მხარს უჭერს ნატოს წევრობას.
„მართალია, დასავლეთის უმსხვილეს სამხედრო ალიანსში პატარა ქვეყნის შესვლა (რომლის ტერიტორიის 20% 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ არის უკანონოდ ოკუპირებული) არარეალისტურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი აქტიურად მიიწევს წინ. 2019 წლის ოქტომბერში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე ბათუმში გადაწყდა ეგრეთწოდებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება, რომელიც უკვე 5 წელია ხორციელდება. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ალიანსის მხარდაჭერის გაზრდას, მათ შორის სანაპიროს დაცვის პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარების და საქართველოს საპატრულო გემებსა და ნატოს მუდმივ სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესების მხრივ” - ნათქვამია სტატიაში.
აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობა ახლახან შეუერთდა ნატოს კიბერუსაფრთხოების პლატფორმას (ფინეთის შემდეგ მე-2 ნატოს არაწევრი ქვეყანა), რაც დამთხვევა არ არის.
“თბილისი იმყოფება რუსეთის მხრიდან არა მხოლოდ ტერიტორიული აგრესიის, არამედ კიბერშეტევების და დეზინფორმაციის წინა ხაზზეც. საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრთან, ისე აშშ-ის დაზვერვის სამსახურებთან, რის შედეგად დადასტურდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ონლაინ ეკოსისტემის ნაწილების დაზიანების მცდელობები. სწორედ ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირდაპირ მოუწოდა ბრიტანეთს და სხვა პარტნიორებს ნატოში უფრო აქტიური და თანმიმდევრული მოქმედებისკენ საქართველოს უსაფრთხოების მხარდასაჭერად. გახარიას თანახმად, „საქართველო, თავისი გეოგრაფიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ორიენტირების და დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნების მიმართ დადასტურებული ერთგულების წყალობით, წარმოადგენს ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის ახალი სტრატეგიების უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს“” - წერს სტატიის ავტორი ჯეფრი ვან ორდენი.