19-03-2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო კურორტებზე არსებულ ყველა საბაგიროს დამატებით ამოწმებს.
ამის შესახებ არველაძემ გუდაურში ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს დილიდან ექსპერტები სწავლობდნენ დოკუმენტაციას, ახლა ავდივართ საბაგიროსთან, რომ ადგილზე გაგრძელდეს დამატებითი კვლევა“ - განაცხადა არველაძემ.
ამასთან, 16 მარტს საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით არველაძე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან და კვლევის პროცესში ჩართულ უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გუდაურში იმყოფება.
„როდის გვექნება საბოლოო შედეგი, ამის კონკრეტულ დროს ჯერ ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს ძალიან დეტალური ექსპერტიზა და გამოძიების პროცესი - მათ შორის დოკუმენტაციის შესწავლა, ადგილის დათვალიერება, ტექნიკური შემოწმებები და ასე შემდეგ“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტები დამატებით ამოწმებენ მთის კურორტებზე არსებულ სხვა მოქმედ საბაგიროებსაც.