13-04-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი მარნეულის კლასტერს უკავშირდება.
ექიმის თქმით, დანარჩენები კი რეგიონებიდან არიან.
"რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, ერთი ჩვენი პაციენტია და ეს არის მარნეულის კლასტერი. დანარჩენი როგორც ჩემთვის ცნობილია არის რეგიონებიდან. თბილისში 2 თუ 3 შემთხვევაა. უმეტესი არის ქობულეთის კლასტერი, თუმცა იმერეთიცაა", - აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 266 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 67 ადამიანი, სამი კი ვირუსს ემსხვერპლა.