20-03-2018
გერმანიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზიჰოფერის თქმით ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და ის მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს.
ზიჰოფერმა, რომელიც ქრისტიან-სოციალურ კავშირს წარმოადგენს, თანამდებობა ოთხშაბათს დაიკავა, ხოლო ინტერვიუ გაზეთ BILD-ს მისცა.
მისი თქმით აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც დეპორტაციები უფრო სწრაფად განხორციელდება. გეგმაში უფრო მეტი ქვეყნის "უსაფრთხოდ" განსაზღვრა შედის, რაც ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლების უკან დაბრუნებას გაამარტივებს.
ის გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის, კრისტიან ვულფის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ისლამი გერმანიის ნაწილია. "ისლამის ადგილი გერმანიაში არ არის" თქვა ზიჰოფერმა.
"რა თქმა უნდა, მუსლიმები, რომლებიც აქ ცხოვრობენ გერმანიის ნაწილი არიან."-თქვა ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, თუმცა დაამატა, რომ გერმანიამ საკუთარი ტრადიციები და წესები, რომელთა ცენტრშიც ქრისტიანობა დგას, არ უნდა დათმოს.
"ჩემი მესიჯი ასეთია: მუსლიმებმა უნდა იცხოვრონ ჩვენთან ერთად და არა ჩვენს გვერდით ან ჩვენს წინააღმდეგ." თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი კანცლერის პოსტზე მეოთხე ვადით აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 364 პარლამენტარმა დაუჭირა 315-ის წინააღმდეგ.
მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს და სამთავრობო კოალიციის პარტნიორ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ბუნდესტაგის ქვედა პალატაში 399 წარმომადგენელი ჰყავთ.