14-04-2020
უკრაინელმა მეხანძრეებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ხანძრის კონტროლის ქვეშ აღება მოახერხეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ქვეყნის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ეგორ ფირსოვმაც დაადასტურა. მისივე თქმით, ადგილზე რადიაციული ფონი ნორმას შეესაბამება.
„მოკლედ რომ ვთქვათ, - ხანძრის ჩაქრობა მოვახერხეთ, ძალიან დაგვეხმარა წვიმა. რადიაციულ ფონს მუდმივად ვზომავთ და ჩვენი მონაცემების მიხედვით, ყველაფერი რიგზეა“, - დაწერა ფირსოვმა Facebook-ზე.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში 400-ზე მეტი ადამიანი და 100 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი. მედიის ცნობით, ცეცხლის ლოკალიზების დროს ერთი მეხანძრე დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.
ატომური ელექტროსადგურის ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.