14-04-2020
„შეზღუდვების გამკაცრება ემსახურება ორი მიზანს. პირველი და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ვირუსის გავრცელების პრევენცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ნულზე ვერ დავიყვანთ და ვერ შევძლებთ, რომ აბსოლუტურად ბოლომდე აღმოფხვრათ. არავის აქვს ილუზია, რომ ორ და სამ კვირაში შესაძლებელია ამის მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევაკავოთ ვირუსის გავრცელება. ადამიანების ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე ეს არის უპირველესი მიზანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის მიერ ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, ახლა დაწესებული მოკლევადიანი შეზღუდვები ეკონომიკას დაეხმარება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს.
„რაც მეტად შევზღუდავთ ახლა და რაც ხანმოკლე იქნება - ორი ან სამკვირიანი ეს პერიოდი, მით უფრო ადვილად და მარტივად შევძლებთ, რომ შემდეგ მალე შევძლოთ ე.წ. ეკონომიკის გახსნა, საწარმოების და ობიექტები გახსნა, სხვადასხვა სუბიექტების მიერ ეკონომიკის სამინისტროში შეტანილი განცხადებების რეალიზება და შესაბამისი პასუხების მიღება იმისათვის, რომ მათ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება შეძლონ ისე, რომ ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მაქსიმალური შეზღუდვები წესდება იმიტომ, რომ შემდეგ ეს შეზღუდვები მალევე მოიხსნას.
„ეს უნდა ესმოდეს ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს, ვინც კი ჩართულია და ჩართული უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა იმიტომ, რომ რეკომენდაციებს შესრულება არის ის უპირველესი მიზანი, რაც ამ გეგმის რეალიზებაში ჩვენ ხელს შეგიწყობთ ყველას ერთად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.