14-04-2020
მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. ეს ყველა ის დონორი ორგანიზაციაა, რომელთან პირველადი მოლაპარაკებების შედეგად, დღეს, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე, საქართველოს ეკონომიკაში, დამატებით, ამ დონორების მხრიდან, ეკონომიკის მხარდაჭერის სახით, ინექციის სახით იქნება შემოსული მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულიო ბრიფინგისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის დაახლოებით ის ციფრი, რომელზეც მთავრობა ამ დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმდა პირველადი შეთანხმების საფუძველზე, ეს ინექციები და ეს დახმარება, განხორციელდება წლის ბოლომდე, მხოლოდ სახელმწიფოს მიმართულებით.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც მიმართული იქნება, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე კონკრეტული პროექტების მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გარდა ამისა, მთავრობას ჰქონდა და აქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორთან.
„მათთან ერთად, მათი თხოვნით და რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერის მიზნით, იგივე სახის მოლაპარაკებები ჩვენ გვქონდა დონორ ორგანიზაციებთან, იგივე დონორ ორგანიზაციებთან, რომელთაც ასევე, დამატებით გამოაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს დაეხმარონ, ასევე, მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც ამ დონორ ორგანიზაციებში მობილიზებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საჭირო კერძო და საფინანსო სექტორის მხრიდან, ჩვენს ბიზნესს შეეძლება ამ თანხის, ასე ვთქვათ, ათვისება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს იყო მძიმე სამ კვირიანი მოლაპარაკებები, რომელზეც მთავრობამ, ფაქტობრივად, გამოიყენა ყველა მისაღები და ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ არაერთგვაროვანი ხერხები და მიღწეულია ეს შეთანხმება.
„ეს არის ის ძირითადი საბაზისო პორტფელი, კრიზისული დახმარების, რომელზეც პირველადი შეთანხმება შეიძლება ჩაითვალოს მიღწეულად. ჩვენ, ასევე, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე, ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დავიწყოთ რეალური მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე. ეს სხვა ისტორიაა, ეს სხვა გეგმაა და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.