15-04-2020
„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ გულწრფელად ეპასუხათ თქვენს შეკითხვაზე, უნდა ეთქვათ, რომ რა პრობლემაა,{ პოლიტიკოსმა} უნდა აიღოს და დარეკოს მოსამართლესთანო, იმიტომ, რომ მათთვის ნორმა იყო ეს თავის დროზე. ხანდახან დარეკვაც არ ჭირდებოდათ და ხანდახან ურეკავდნენ სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. დღეს ეს არ ხდება საბედნიეროდ და არც არასდროს მოხდება“,-ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში დასმულ შეკითხვას ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შედგებოდა ორი პუნქტისგან. ერთი შეეხებოდა 120/30-ს და შერეულ სისტემას და საკითხს იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა არ უნდა შევიდეს და არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.
„როდესაც მთელი ცივილიზებილი სამყარო და დემოკრატიული საზოგადოება მოგვ იწოდებს, რომ მართლმსაჯულებაში არავინ უნდა ჩაერიოს და არანაირი ნიშანი არ უნდა იყოს ვინმეს ჩარევის, მაშინ ესენი ჩვენ გვთხოვენ მართლმსაჯულების მისაღები გადაწყვეტილების შედეგთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას. წარმოუდგენელი ამბავია. ვერასოდეს აიღბს პოლიტიკოსი მოსამართლის, პროკურორის მაგივრად პასუხისმგებლობას. ეს შეუძლებელია, რაც არ უნდა განცხადებები გაკეთდეს. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ არ ჩავერევით. შეთანხმება ამ თემაზე მიღწეული იყო ის, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსი არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს არის შეთანხმების ნაწილი და ეს შეთანხმება აღსრულდება. თუ ვინმე ამბობს, რომ იქ საუბარი იყო კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე, ეს არის ცალსახად ტყუილი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.