15-04-2020
ნუ ვიტყვით, რომ ბიზნესმა აღიქვა ზეწოლად პრემიერის განცხადება, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ პრემიერის განცხადება ეხებოდა იმ ცალკეულ ბიზნესებს, რომელთაც აქვთ რესურსი, შეინახონ თავისი თანამშრომლები და ამითი სახელმწიფოს ამოუდგნენ მხარში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერის განცხადება და მოწოდება ბიზნესისადმი, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლები, ბიზნესის ნაწილმა ზეწოლად აღიქვა.
„ბიზნესის უმრავლესობა არა თუ მხარში უდგას მხოლოდ სახელმწიფოს თავისი საქმიანობით, არამედ მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს იმ ბრძოლაში, რომელსაც სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანი აწარმოებს ამ ბოროტი მტრის - ვირუსის წინააღმდეგ. ასე, რომ ცალსახად თქმა იმისა, რომ ბიზნესმა ეს აღიქვა და ბიზნესმა ეს შეაფასა ზეწოლად, არ იქნება მართებული ამ შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, სახელმწიფოს აქვს სერიოზული პროგრამა იმისათვის, რათა ბიზნესი გადარჩეს, რათა ფეხზე დადგეს სახელმწიფოს ეკონომიკა.
„ბიზნესის გარეშე ამის მოხერხება ძნელია, რასაკვირველია. ბიზნესებს სერიოზული წვლილი შეაქვთ იმ საქმიანობაში, რასაც სახელმწიფო ეწევა ვირუსის საწინააღმდეგოდ. მაგრამ არის ბიზნესები, რომლებსაც აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ ამ რესურს არ იყენებს თუნდაც იმისათვის, რომ თავისი თანამშრომლები მცირედით მაინც დააკმაყოფილოს ამ ძნელბედობის ჟამს. სწორედ ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი და არა, ზოგადად, ბიზნესს. ასე, რომ არ არის რელევანტური ვილაპარაკოთ ბიზნესის სახელით, ძალიან კარგად იციან, ვისზეც არის საუბარი. გამონაკლისები, სამწუხაროდ არსებობენ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.