16-04-2020
"ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან", - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ორი დიდი ნახტომი განხორციელდა.
"2-ჯერ გვქონდა უკვე 30-30 შემთხვევა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია, ამიტომ საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ. ბატონი პაატას სიტყვები სიმართლეს შეესაბამება. თუ ამ ტიპით წავალთ, როგორიც არის დისტანცირების და ე.წ. მოჭერის ღონისძიებები, შეიძლება მაისის ათისთვის პირველ დეკადაში გვქონდეს 2000-2500 ე.წ. აქტიური შემთხვევა, თუ ოდნავ მოვეშვით, რაც მეტად მოსალოდნელია მომავალი 4 დღის განმავლობაში, ქცევის რეჟიმის მოშვება შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას ინფიცირებულ შემთხვევაზე, რომელიც უკვე ძალიან დიდი ტვირთი იქნება. ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა სხვა ფორმატით გადავატაროთ ქვეყანაში. ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები, ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება, დამერწმუნეთ და გთხოვთ ამას", - განაცხადა გამყრელიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.