16-04-2020
კორონავირუსის გამო გერმანიის ზოოპარკები, სადაც სააღდგომოდ ტრადიციულად ხალხმრავლობაა, ცარიელია, რაც ცხოველების კვების მხრივ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ნოიმიუნსტერის ზოოპარკში შესაძლოა ცხოველთა ნაწილი სხვა ბინადრების გამოსაკვებად დახოცონ.
„ჩვენ უკვე შევავსეთ იმ ცხოველების სია, რომლებსაც პირველებს დავკლავთ“, - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა, ვერენა კასპარიმ.
მისი თქმით, ცხოველების დახოცვა უკანასკნელი ზომა იქნება, თუმცა ზოოპარკის ფინანსურ პრობლემებს ესეც ვერ გადაწყვეტს.
„თუ საქმე აქამდე მივიდა, ცხოველებისთვის ევთანაზიის გაკეთება მოგვიწევს. სჯობს დავხოცოთ, ვიდრე ვაშიმშილოთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ცხოველების ნაწილს ზოოპარკის სხვა ბინადრებით გამოვკვებავთ“, - აღნიშნა მან.
ზოოპარკების თანამშრომლების თქმით, ადამიანების გარეშე ცხოველები მოწყენილები არიან და ადამიანის ყურადღება აკლიათ. განსაკუთრებით ამას მაიმუნები განიცდიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.