16-04-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ კორონავირუსი უკვე მუტაციას განიცდის, ანუ მცირე ცვლილებები გაუჩნდა, რომელიც შესაძლოა ასოცირებული იყოს კლინიკურად უფრო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების განვითარებაზე.
„მეცნიერები ახლა საუბრობენ, რომ ეს არის ერთი და იგივე ვირუსი, თუმცა შეიძლება ორი ქვეგანსხვავება ჰქონდეს, რომლის ერთ ვარიანტთან მძიმე შემთხვევები იყოს, მეორესთან კი უფრო მსუბუქი. თუმცა ჯერ სამეცნიერო წრეებში ამის სრული მტკიცებულება არ არსებობს“, – აღნიშნა ზახაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში“.
მისივე თქმით, დეზინფექციის მეთოდიკა კორონავირუსთან მიმართებაში ეფექტურია და ეს მეთოდი ზედმეტი არასდროს ყოფილა.
„დეზინფექციის მეთოდიკას მიმართავდა ჩინეთი. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩინეთმა საოცარი ძალები ჩადო ამ დაავადების შეკავებაში. კორონავირუსის გადაცემის მექანიზმი არის იგივე, რაც არის სხვა რესპირაციული ვირუსების, რომელიც ახლა, გაზაფხულის მეორე პიკისკენაა წასული. სადეზინფექციო საშუალებები და დასუფთავების მექანიზმები ერთნაირად ეფექტურია როგორც ყველა ამ ვირუსისადმი, ასევე ახალი კორონავირუსის მიმართ. შესაბამისად დეზინფექცია, გასუფთავება და სისუფთავე არასოდეს ყოფილა ზედმეტი და მჯერა, რომ თუ ამ მეთოდებს მივსდევთ, ჩვენ სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელებას შევაკავებთ“, – განაცხადა ზახაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის 306 ადამიანს აქვს დადასტურებული, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა.