25-12-2017
„პოლიცია და სამართალდამცავები ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩვენ მაშინ, როდესაც ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს და მოვალეობას, რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მათ შრომის პირობებზე"-ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით პოლიციელების სოციალური, ასევე ფინანსური და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის მნიშვნელობა.
"ჩვენი რეფორმების პირველი ეტაპი დაიწყო სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციით. ამის ძირითადი მიზანი გახლავთ სამოქალაქო თანანმდებობებიდან საპოლიციო დანაყოფებზე რესურსის გადატანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პირველ რიგში უნდა მოხდეს სამოქალაქო თანამდებობების ოპტიმიზაცია და ის რესურსი, რომელიც გამონთავისუფლდება, პირდაპირ უნდა იყოს მიმართული საპოლიციო დანაყოფების შრომის და სოციალური პირობების გაუმჯობესებისაკენ. ეს გახლავთ ის პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელსაც უახლოეს სამ თვეში დავასრულებთ. შემდეგ უკვე ვიზრუნვებთ მთლიანად სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე, მათ საკადრო განვითარებაზე და მათი ცოდნის ამაღლებაზე. აქ ჩერთვება აკადემია საკადრო მიმართულებების დახვეწისთვის, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რომ სამართალდამცავ სისტემაში შემოსული ადამიანის სოციალური უზრუნველყოფა უნდა იყოს საკმაოდ გამჭვირვალე, ეფექტური და მორგებული იმ გამოწვევებზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ეს ადამიანი იღებს თავის თავზე, მაშინ, როდესაც კეთილსინდისიერად ასრულებს ამ ყველაფერს"-განაცხადა მინისტრმა.