18-04-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, არასამთავრობო და ბიზნესსექტორთან აქტიური თანამშრომლობით, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ 53 შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს პირველადი მოხმარების კვების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. ოჯახები პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ, სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა, ნინო ლომიძემ და ელენა ბეგიაშვილმა.
ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ფონდ „ტასოს“ და ზრდასრულთა განათლების ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში დახმარება გაეწია 50 ოჯახს. სასურსათო ამანათები და ჰიგიენური საშუალებები სოფლებში - ანში, ელიაწმინდაში, ჭვინთაში, ბოგაში, სვირსა და ტატანისში მცხოვრებ შეჭირვებულო ჯახებს გადაეცა.
ბიზნესმენ ზურაბ ნასყიდაშვილის ხელშეწყობით, კი ქალაქ ვალეში მცხოვრებ 100 ოჯახს, თითო ტომარა ფქვილი დაურიგდა. კერძო შემოწირულობა, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ სხვა კატეგორიის მოქალაქეებს ბინაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მიუტანეს.
გარდა ამისა, სოფელ კლდეში არსებული შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ მხარდაჭერით სააღდგომო ნობათი და კვების პროდუქტები დაურიგდათ სოფელ კლდეში, წნისში, ფერსაში, გიორგიწმინდაში და მუგარეთში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო ამანათების დარიგებას ეტაპობრივად ახორციელებს.