20-04-2020
ლონდონის უზენაესმა სასამართლომ წერტილი დაუსვა აზერბაიჯანელი სახელმწიფო ბანკირის ცოლის საეტაპო საქმეს, რითაც უკანასკნელი წინააღმდეგობა მოუხსნა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასული კორუფციონერებისა და დამნაშავეების ფულსა და ქონებაზე ნადირობას. დეტალები BBC-ის მასალაში
კანონი „გაურკვეველი წარმოშობის სიმდიდრის შესახებ“
ბრიტანელები უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ ლონდონი საეჭვო ხალხის უსაფრთხო თავშესაფრად გადაიქცა. ისინი ხელისუფლებისგან წესრიგის დამყარებას ითხოვდნენ და რამდენიმე წლის წინ, სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ახალი ინსტრუმენტი უძრავი ქონების შეძენის გზით დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად – ორდერი, რომელიც 50 ათას ფუნტზე ზევით აქტივის მქონე ადამიანს ავალდებულებს, დაამტკიცოს, რომ ის შეძენილია პატიოსნად ნაშოვნი ფულით.
პრეცედენტი
აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯახანგირ გაჯიევის ცოლი, ზამირა გაჯიევა, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა, ლონდონში ხელგაშლილად ცხოვრობდა. მისი ქმარი ადრე აზერბაიჯანში ნასამართლევი იყო ქურდობის გამო.
ამან დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს ეჭვები გაუჩინა და ის იდეალურ სამიზნედ აქცია ახალი ხმაურიანი კამპანიის პირველი საქმისთვის. გამომძიებლებმა ადვილად დაითანხმეს მოსამართლე, გამოეწერა ორდერი, რომლითაც მოითხოვდნენ ახსნას, თუ საიდან მოიტანა ქალმა ფული ლონდონის ფეშენებელურ რაიონში სახლისა და პროვინციაში გოლფისმოედნიანი მამულის შესაძენად.
მედიამ გაავრცელა დეტალები მის მილიონობით ხარჯებზე ლონდონის ძვირადღირებულ უნივერმაღსა და კერძო თვითმფრინავის შეძენაზე.
წაგებული სარჩელი
გაჯიევას ორდერი, რომელიც მსგავსი ტიპის პირველი ბრძანებაა, სამართალდამცავმა ორგანოებმა 2018 წლის თებერვალში გამოწერეს.
გაჯიევას ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მისი ქონება კანონიერი გზით იყო შეძენილი, მისი ქმარი კი არ იყო სახელმწიფო ჩინოვნიკი, ამიტომ, მასზე არ ვრცელდებოდა კანონი „გაურკვეველი წარმოშობის სიმდიდრის შესახებ“.
თებერვალში, სასამართლოს მეორე ინსტანციამაც უარყო ეს არგუმენტები და გადაწყვიტა, სასამართლო პროცესი აღარ გაგრძელებულიყო – საქმე გადაწყვეტილად ითვლება.
ახლა, თუკი სამი დღის განმავლობაში, გაჯიევა ვერ წარუდგენს ხელისუფლებას დამაჯერებელ ინფორმაციას შემოსავლების კანონიერების შესახებ, მისი ქონების კონფისკაციას მოახდენენ.
რა იქნება შემდეგ?
„ჩვენ კმაყოფილები ვართ სასამართლო გადაწყვეტილებით. შეიქმნა პრეცედენტი, რომელიც დაგვეხმარება მომავალში, გაურკვეველი წარმოშობის სიმდიდრის შესახებ დავებში“, – განაცხადა დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, სარა პრიტჩარდმა.
მალე სამი ახალი საქმე უნდა მივიდეს სასამართლომდე. ყველა ფიგურანტის სახელი და გვარი ცნობილი არ არის, მაგრამ ადრე სააგენტოს წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ორდერს გამოუწერდნენ აფრიკიდან, სამხრეთ აზიიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს.
p.s. ფოტოზე: სამირა გაჯიევას სახელზე დარეგისტრირებული სახლი ლონდონში