21-04-2020
კორონავირუსის კრიზისმა ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობაში არსებული ზოგიერთი ჩვეულების აკრძალვის აუცილებლობის წინაშე დააყენა
ცენტრალური ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაწყებული და მთელ მსოფლიოში მოდებული კორონავირუსის პანდემიის აღმძვრელ წყაროდ ბევრის მიერ უხანის ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ველური ცხოველების საკვებად გამოყენება მიიჩნევა.
ვირუსის წყარო ზუსტად დღემდე არაა დადგენილი, თუმცა ჩინეთის წამყვანი ეპიდემიოლოგის ჩჟუნ ნანშანის იანვარში გამოთქმულა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეპიდემიის გავრცელება შეიძლება დაკავშირებული იყოს ბამბუკის ვირთხების ან მაჩვების საკვებად გამოყენებასთან, ჩინეთის ხელისუფლებამ გაითვალისწინა და სამი თვით აკრძალა ბამბუკის ვირთხების საკვებად გამოყენება.
თებერვლიდან განვლილ პერიოდში კორონავირუსი მთელ მსოფლიო მოედო პანდემიის სახით და ჩინეთის ხელისუფლება დროებითი აკრძალვის მუდმივად გადაქცევის აუცილებლობაზე დააფიქრა.
ჩინეთის ხელისუფლებაში მომზადებული დირექტივით იკრძალება არაერთი ეგზოტიკური ცხოველის მოშენება და საკვებად გამოყენება.
ჩამონათვალში ცხოველებისა, რომელთა მოშენება და საკვებად გამოყენება დაშვებული იქნება “ტრადიციული საქონლის” 18 სახეობაა ჩამოთვლილი, მათ შორის, ღორი, ძროხა, ცხვარი, თხა, ცხენი, ვირი, აქლემი, ბოცვერი, ქათამი, იხვი, ბატი, ინდაური, მწყერი, მტრედი…
დირექტივაში არის კიდევ ერთი ჩამონათვალი 13 სახეობის “განსაკუთრებული საოჯახო საქონელი”. მათ რიგებს მიკუთვნებულია ირემი, ხალებიანი ირემი, ჩრდილოეთის ირემი, ალპაკა, ციცარი, ხოხობი, გნოლი/კაკაბი, სირაქლემა, გარეული იხვი, წაულა, თეთრი მელა, ამერიკული წითელი მელა, ენოტისებრი ძაღლი.
დირექტივის თანახმად, მხოლოდ ჩამოთვლილი ცხოველების მოშენება, გაყიდვა და ერთო ადგილიდან მეორე ადგილზე კომერციული მიზნით გადაყვანა იქნება დაშვებული.
გველებთან, ციბეტებთან და სხვა ცხოველებთან ერთად ჩამონათვალში არ მოხვდნენ სამხრეთ აზიაში და მათ შორის, ჩინეთში დელიკატესად მიჩნეული ბამბუკის ვირთხები, რომელთა მოშენებითაც ჩინეთში ათიათასობით ფერმერი მთავრობის ხელშეწყობით(აც) იყო დაკავებული და რომელთა რაოდენობაც ფერმერთა მეურნეობებში 25 მილიონს აღწევდა.
დირექტივასთან დაკავშირებით მოსაზრების გამოთქმის და მთავრობისთვის წინადადებების მიწოდების ბოლო ვადა 8 მაისია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ჩამონათვალში ცვლილებები აღარ შევა და მას ამ სახით დაამტკიცებენ.
საერთაშორისო ჰუმანური საზოგადოების (Humane Society International) წარმომადგენლებს დირექტივაში ძაღლების და კატების შესახებ არსებული ჩანაწერი განსაკუთრებით საყურადღებოდ მიჩნიათ. დირექტივაში მითითებულია, რომ ძაღლები და კატები არ წარმოადგენენ “საკლავ საქონელს” და მათი საკვებად გამოყენება აკრძალულია.
დირექტივის განხილვის და მიღების დასრულებამდე კი ჩინეთში შენჟენის შემდეგ კიდევ ერთმა ქალაქმა, ჟუჰაიმ აკრძალა ძაღლის და კატის ხორცის საკვებად გამოყენება.