21-04-2020
„ხვალ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი და ის უწყვეტად გაგრძელდება 22 მაისის ჩათვლით. შეზღუდვები არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური აქტივობების გახსნა. ეს შეზღუდვები ემსახურება იმას, რომ ჩვენ დროულად დავუბრუნდეთ ნორმალურ ფუნქციონირებას. ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას, სახელმწიფოს და ბიზნესს“-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ამ მომენტისთვის ეპიდემიის და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მიდის შედარებით ბრტყელი მრუდით, რაც ნიშნავს, რომ ის გადაწყვეტილებები და ზომები რაც ხელისუფლებამ მიიღო, იყო სწორი და შედეგიანი. მისივე თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს სოციალური დახმარების, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის გეგმაზე.
„რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა ამასთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდის ჩათვლით, ჩვენ ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, დავიწყებთ შეზღუდვების მოხსნას. 27-დან უკვე იგეგმება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და ერთ-ერთი ასეთი არის სწორედ საავტომობილო გადაადგილების საკითხი. თუ ჩვენ ყველანი შევასრულებთ იმ წესებს და რეკომენდაციებს, რაც არის ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან მოწოდებილი, შევძლებთ სხვა შეზღუდვების მოხსნასაც ეტაპობრივად. საზოგადოება აკვირდება, რომ რამდენიმე წარმატებულმა ქვეყანამ, გერმანიამ, ავსტრიამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ უკვე შეიმუშავა საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმა და საქართველოც არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც პრაქტიკულად დაასრულა ასეთ გეგმაზე მუშაობა. ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი წარუდგენს ამ გეგმას საზოგადოებას ამ კვირაში და ყველას ექნება საშუალება, რომ ნახოს რა ნაბიჯები და ღონისძიებებია დაგეგმილი. მოქალაქეებს გეგმის გაცნობის შემთხვევაში ექნებათ მომავალ რამდენიმე თვეზე უფრო მკაფიო მოლოდინები და განჭვრეტადობა.“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა და საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ზედმიწევნით კარგად შევასრულებთ ყველა სოციალური დისტანცირების რეკომენდაციებს და ჩვენს მოვალეობებს.
„თუ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან (რომელიც 22 მარტს იყო), მეექვსე-მერვე კვირას გამოჩნდება, რომ ვინარჩუნებთ გავრცელების ბრტყელ მრუდს, ანუ არ გვაქვს შემთხვევათა სწრაფი მატების ეპიზოდები, თუ დავინახავთ დაბალანსებულ თანაფარდობას გამოჯანმრთელებულ და ახლად დაინფიცირებულ პაციენტებს შორის და ეს ყველაფერი იქნება გარკვეულ დროში მდგრადი - ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნა და ეტაპობრივად აღვადგინოთ სხვადასხვა სექტორის საქმიანობა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.