23-04-2020
ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან, - ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩაერთვებიან იმ ნაბიჯების შემუშავების პროცესში, რომლებიც საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უნდა გადაიდგას.
ვიდეოკონფერენციისას განიხილეს გლობალური პანდემიით გამოწვეული ზოგადო ეკონომიკური ტენდენციები და საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება პარასკევს წარადგენს.
საუბარი ასევე შეეხო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ეტაპობრივად მიღებულ ზომებს. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომლებთან მჭიდრო თანამშრომლობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა.
ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ხელშემწყობ მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ ხელისუფლება, ისევე, როგორც ანტიკრიზისული ნაბიჯებისას, თანმიმდევრული იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემუშავების პროცესში და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კოორდინაციას განაგრძობს.
ინვესტორთა საბჭომ ასევე იმსჯელა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეპიდემიასთან ბრძოლის შემდგომ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკის გლობალურ კონკურენციაში თავისი ადგილის დასაკავებლად და ამავდროულად ისარგებლოს შესაძლებლობით, რათა განავითაროს ახალი დარგები საქართველოში და მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია.
„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნაში და კერძო სექტორისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების მოგვარებაში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კრიზისის გავლენა კერძო სექტორსა და ეკონომიკაზე. ასეთ დროს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის უზრუნველყოფა ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა წევრს ნაკისრი ვალდებულებისა და თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
„არსებული კრიზისის პირობებში ხელისუფლებასა და ბიზნეს სუბიექტებს შორის ეფექტური კომუნიკაცია უაღრესად მნიშნველოვანია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნისთვის, როდესაც ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის მხრიდან აქტიურ ჩართულობას ვხედავთ. ასეთ რთულ დროს მომავალზე ფიქრიც მნიშვნელოვანი ხდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ მოლოდინი სავარაუდოდ შეიცვლება და საქართველო კაპიტალიზაციას შეძლებს წარმოქმნილი სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობის გამოყენებით. ინვესტორთა საბჭო სამუშაო ჯგუფებს შექმნის ამ პროცესის ხელშესაწყობად“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.