გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები გამოჯანმრთელების გზას დაადგნენ

25-04-2020

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღის ბოლომდე შესაძლოა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მეორე შემთხვევა დაფიქსირდეს. ამის შესახებ „დილის შოუს“ და „ანატომიის“ გაერთიანებულ ეთერში რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 63 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. აქედან 39-ს დადასტურებული აქვს კოვიდ-ინფექცია. გუშინდლამდე 40 პაციენტი გვყავდა, გუშინ 1 პაცინეტი გავუშვით სახლში გაჯანმრთელებული. ძალიან გაგვიხარდა ყველას ეს ამბავი. დღეს რეტესტირებას ჩავუტარებთ კიდევ ერთ პაციენტებს და თუ ისევ ნეგატიურ პასუხს მივიღებთ, მასაც გავუშვებთ სახლში. ასე რომ, ნელ-ნელა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები დაადგნენ გამოჯანმრთელების გზას, რაც ყველა ჩვენგანს ძალიან ახარებს“, - განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, საყურადღებოა 2 პაციენტის მდგომარეობა, თუმცა არც ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება. გოფოძემ ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ვირუსის გავრცელების მოსალოდნელი პიკისთვის სრულად მზად არის.

„რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის, რაც არ უნდა დიდ სირთულესთან იყოს ეს დაკავშირებული. ჩვენ შეგვიძლია 50 პაციენტი ერთდროულად უზრუნველყოთ სასუნთქი აპარატით. გარდა ამისა, გვაქვს საშუალება ვუმკურნალოთ ასევე საშუალო სიმძიმის ფორმებს. ამისთვის სრული აქტიურობა გვაქვს და, რაც მთავარია, სრულად აღჭურვილი გყვავს სამედიცინო პერსონალი. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ისინი, პერიოდულად მათ ტესტირებაც უტარდება. გუშინაც ჩატარდა ტესტირება რეანიმაციული განყოფილების და ყველგან ნეგატიური პასუხი მივიღეთ“, - განაცხადა გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930