25-04-2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა და კორონავირუსის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს გაეცნო.
ეს მეთოდი გულისხმობს კომორბიდული დაავადებების სპეციალურ ჯგუფს ანუ მედიკოსთა იმ ნაკრებს, რომლებიც ნევროლოგიური, გულის და იმ სხვა დაავადებების მართვაში სპეციალიზირდებიან, რომელთათვისაც COVID-19 დამატებით რისკად მიიჩნევა.
თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინოვაციის ავტორი გორის ჰოსპიტალის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჭუმბურიძეა.
„ეს ძალიან სერიოზული ინოვაციაა. რომელიც ქალბატონ ნინო ჭუმბურიძეს ეკუთვნის, თქვენ კარგად იცით, ვინ არის კოვიდის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ.
სიკვდილობის შემთხვევები, ძალიან მაღალი სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს შორის არის და ამ ასაკის ადამიანებში, როგორც წესი, ბევრია კომორბიდული დაავადებების შემთხვევები. თუ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება, მე შევეცდები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ – ეს იქნება ახალი სიტყვა ამ დაავადების მკურნალობაში,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ნინო ჭუმბურიძეს სამედიცინო სფეროში შესანიშნავად იცნობენ, ის ენდოკრინოლოგია და ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, თბილისის მერის კახა კალაძის სიდედრია და უმშვენიერესი ანუკი არეშიძის დედაა.
ნინო ჭუმბურიძის მამა დავით ჭუმბურიძე, პირველი ქართული ფონდის „ოქროს ფონდის“ დამაარსებელი გახლდათ, რომელიც გაჭირვებულებს ეხმარებოდა, გვარების შეკრების ტრადიცია სწორედ მან დაარსა. დავით ჭუმბურიძე 90-იან წლებში „კულინარიელებმა“ მოკლეს დაყაჩაღებისას.
ნინო ჭუმბურიძე 90-იან წლებში წითელ ჯვარში მუშაობდა, ის სამაჩაბლოში და ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ.