25-04-2020
ჩვენ, ყველა მიმართულებით ადამიანებს, სოციალურ ჯგუფებს ვეხმარებით, ამიტომ დავამატეთ ამ დახმარებაში, რაღაც ეტაპზე, მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირები და ა.შ. კონკრეტულად კერძო სკოლების გადასახადის გადახდას რაც შეეხება, ასეთ დაკონკრეტებას ჩვენ ახლა ვერ შევძლებთ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან და შეუძლებელია მსგავს დეტალებში დღეს ჩასვლა. ეს გამოწვევა გლობალურია და ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა რამხელა შემოსავალი აქვს, უკიდურესად გაჭირვებულსაც და საშუალო შემოსავლის ადამიანსაც,- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კერძო სკოლების გადასახადს შეეხებოდა.
გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს ყველაზე დიდი გამოწვევა და ამოცანაა, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც აქვს, ეფექტურად გადაუნაწილოს თითოეულ მოქალაქეს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკიდურესად გაჭირვებულს.
„ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ, რომ სოციალურად დაუცველების ქულების მიხედვით, 65 000-დან 100 000 ქულამდე ადამიანებს დახმარების 6 თვიანი სპეციალური ინსტრუმენტები შევთავაზეთ, ეს ის რაოდენობაა ქულების, რომელსაც სისტემურად სახელმწიფო აქამდე არ ეხმარებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს ადამიანები ან არაფორმალურად დასაქმებულები იყვნენ, ან იყვნენ უმუშევრები და ამით ვცადეთ, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობა მოქალაქეებისა მოგვეცვა და საკმაოდ დიდ რაოდენობაზეა საუბარი - ასობით ათასზე,“- აღნიშნა პრემიერმა.