25-04-2020
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, უახლოეს პერიოდში სპეციალური ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინოს, იმისთვის, რომ ფერმერებს დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობისა და ფერმერობის ნაწილში გამოწვევა იქნება სერიოზული, განსაკუთრებით იმ სასოფლო-სამეურნეო დარგებზე, რომლებიც შიდა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, ამიტომ შემდგომი დახმარების ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა
„მინდა გამოვყო მეწარმეების ცალკე ჯგუფი - ფერმერები - უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგი სერიოზული დარტყმა ვისზეც იქნება, ეს იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერები. ჩვენი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ფერმერობის მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე. არა მხოლოდ ჩვენს შიდა მოთხოვნაზე, არამედ იმ მოთხოვნაზე, რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი, რომელიც დღეს არ არის. ჩვენი სოფლის მეურნეობა ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადების ასეთი ზრდის შედეგად აწყობილი იყო ყოველწლიურ ზრდაზე და იმაზე, რომ ტურიზმიდან იყო წამოსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. დღეს ეს მოთხოვნა აღარ არის. რა თქმა უნდა ამის მოკლე პერიოდში ექსპორტით ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, ტურიზმიდან დაგენერირებულ მოთხოვნას ჩვენი შიდა მეურნეობები ვერ დააკმაყოფილებს. ჩვენი შიდა მეურნეობების მოთხოვნის სტრუქტურაც შეიცვალა, იმიტომ, რომ ფინანსურად ადამიანებს რომ გაუჭირდათ, მათი მოთხოვნის სტრუქტურაც შეიცვალა, პირველადი იქ უკვე სხვა პროდუქტები ხდება. ამიტომ, სოფლის მეურნეობისა და ფერმერობის ნაწილში გამოწვევა იქნება სერიოზული, განსაკუთრებით იმ სასოფლო-სამეურნეო დარგებზე, რომლებიც შიდა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, ამიტომ შემდგომი დახმარების ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა, ამიტომ, აქ აუცილებლად პირველი, როგორც მინიმუმ, ფასების რადიკალური ვარდნა იქნება მათ პროდუქციაზე და გასაღების პრობლემა იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, უახლოეს პერიოდში სპეციალური ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინოს, იმისთვის, რომ ფერმერებს დავეხმაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.