28-04-2020
ეს შეზღუდვები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დღეს მაქსიმალური შეკავების ეფექტი მიგვეცა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებებისთვის, იმისთვის, რომ ხვალ უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა და შეზღუდვებმა, მათ შორის ერთ-ერთმა, როგორიც იყო ტრანსპორტის შეზღუდვა, მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში.
„რა თქმა უნდა, არსებობდა გარკვეული უკმაყოფილებები ამ შეზღუდვებთან დაკავშირებით და ზოგადად, ჩვენ თავისუფალ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და შეზღუდვები ჩვენთვის რთულია, რა თქმა უნდა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და წეს-ჩვეულებაზე იქონიებს გავლენას, მაგრამ, მე არ მგონია, რომ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან კარგად და ნათლად ესმის, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დღეს მაქსიმალური შეკავების ეფექტი მიგვეცა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებებისთვის, იმისთვის, რომ ხვალ უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს. ეფექტი მოგვცა ის, რომ ჩვენ, როგორც მოსალოდნელი იყო, პიკურ რეჟიმს ვხვდებით საკმაოდ დაბალი ციფრებით და ეფექტი მოგვცა ის, რომ დღეს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად უზრუნველყოფილია იმ პაციენტების რაოდენობისთვის, რომელი პაციენტთა რაოდენობაც დღეს ქვეყანაში არსებობს. ეს არის შედეგი.
კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის რაღაც სიტყვები, ან რაღაც ამორფული ამოცანები. ეს იყო ძალიან კონკრეტული ამოცანები და ამოცანა, რომელიც ჩვენ გვქონდა კოვიდ-19-ის პირველი ფაქტის დაფიქსირებისთანავე ჩვენს ქვეყანაში და თქვენ იცით, რომ ჩვენ მოქმედებები უფრო ადრეც დავიწყეთ, როგორც კი ამან მიიღო ფართო სახე, როგორც აზიაში, ასევე ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.