28-04-2020
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი უკვე ოთხმა პაციენტმა დაამარცხა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა.
„კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტი იმყოფება, აქედან 50 კორონავირუსითაა ინფიცირებული, დღეს დაგვემატა 2 პაციენტი. ახალი პაციენტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან გადმოყვანილი. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, 3 დღეს დატოვებს კლინიკას. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მას ჰქონდა ონკოჰემატოლოგიური დაავადება, მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე და ის გამოჯანმრთელდა“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.