29-04-2020
„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე იქნება გაუგებარი და არამეგობრული გადაწყვეტილება და დააზიანებს ჩვენსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას. ჩვენ რომ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უკრაინელ კოლეგებსაც ექნებოდათ იგივე კითხვები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნისა და უკრაინის რადას სპიკერისადმი გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
„რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძე აღნიშნულ საკითხებზე, ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის განცხადებებს ოპონენტთა მხრიდან მწვავე რეაქციები არ მოჰყოლია.
„ვიტყოდი, რომ ეს იყო უფრო სუსტი რეაქციები, ვიდრე მწვავე და ძლიერი. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, ამ ოპოზიციის შიგნითაც უკვე ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უკვე არის წარსულის თემა და მიხეილ სააკაშვილი მომავალში ვეღარ იქნება ოპოზიციის ლიდერი საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ამას ოპოზიციაში უკვე ბევრი ხვდება, ამიტომ, რა რეაქციებიც გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო “სავალდებულო განცხადებები”. მე ამას ვერ დავარქმევდი ძლიერ რეაქციებს. არგუმენტაციაც სუსტი მოვისმინე. ერთადერთი არგუმენტი ის ქონდათ, ხომ არ არის ეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ჩარევა უკრაინის პოლიტიკაში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამაზე პასუხი იმთავითვე ცხადი იყო, როდესაც ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ - მიხეილ სააკაშვილი მძიმე ბრალდებებით არის გასამართლებული საქართველოში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, თუმცა, აქვე, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ვერხოვნა რადას სპიკერისთვის წერილის გაგზავნა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ არის. უკრაინის არჩევნებში სააკაშვილმა 0.4% მხარდაჭერა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას უკრაინელმა ხალხმაც უარი უთხრა.