30-04-2020
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, თუმცა მათ ურთიერთობაში განსხვავებულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა დიდი როლი ითამაშა.
ეს განცხადება მაღრაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა:
"გიული ჩემი საკმაოდ ახლო მეგობარი იყო. ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ერთმანეთს მას შემდეგ უფრო დავუახლოვდით, როცა უნივერსიტეტში დავიწყეთ მუშაობა და ერთად შევქმენით ამერიკული სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია. მე ვიყავი ამ ასოციაციის ფონდის თავმჯდომარე, ქალბატონი გიული კი ბორდის წევრი გახლდათ. ერთად ვმსჯელობდით სხვადასხვა საკითხებზე, დავდიოდით კონფერენციებზე, დასასვენებლად...
ერთი სიტყვით, საკმაოდ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან 2007 წლის 7 ნოემბრამდე, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გავაჟღერე. ამის შემდეგ მე და გიულის ურთიერთობა გაგვიჭირდა, თუმცა, ყოველგვარი საქმის გარჩევისა და ჩხუბის გარეშე დავშორდით ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, როდესაც მამა გარდაეცვალა, მისასამძიმრებლად მივედი.
ერთმანეთთან ხშირად გვისაუბრია, ხან ეთანხმებოდა ჩემ მოსაზრებებს, ხან - არა.მეუბნებოდა, ზოგჯერ მეც ვფიქრობ, რომ რაღაცები არასწორად კეთდება, მაგრამ დრო გადის და ვრწმუნდები, რომ მიშამ სწორი გადაწყვეტილება მიიღოო.
გიული ძალიან საინტერესო მოსაუბრე და ძალიან ტაქტიანი ადამიანია. როცა არ შეეძლო, რაღაცაზე დამთანხმებოდა, თავს აარიდებდა. მეც ვხვდებოდი და ვცდილობდი, უხერხულ სიტუაციაში არ ჩამეყენებინა. ის მიშა სააკაშვილის დედაა და ბუნებრივია, შვილის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.
როცა სამედიცინო კოლეჯთან დაკავშირებით პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, პოზიცია მეც საჯაროდ დავაფიქსირე და და ლომაიას იმპიჩმენტის მოთხოვნას შევუერთდი.
გიულიმ მაშინვე გადმომირეკა - რა თქვი ასეთი, მიშა გაგიჟებული რომ არისო. ვუთხარი, რასაც შენთან ვამბობდი იგივე ვთქვი ხმამაღლა-მეთქი.
სამწუხაროდ, ჩემი და ქალბატონი გიულის ურთიერთობაში განსხვავებულმა პოლიტიკურმა პოზიციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა"-განაცხადა გიული ალასანიამ.