5-05-2020
ჩვენ კრიტიკას არ ვანიჭებთ სერიოზულ მნიშვნელობას, ვიდრე ზურგს გვიმაგრებს ჩვენს მიერ დადებული ძალიან კარგი შედეგები - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისი თქმით, მთელი მსოფლიო, ქვეყანა და საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხედავს, რომ ქვეყანაში არის ასე ცოტა ავადმყოფი და ცოტა გარდაცვლილი.
„ეს ყველაზე დიდი არგუმენტია ჩვენი ოპონენტების საწინააღმდეგოდ", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.