გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"ng.ru"(რუსეთი): ქართული ოპოზიცია ხელისუფლებას მოღალატური შეთანხმების მომზადებაში ადანაშაულებს

22-03-2018

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების განზრახვაზე, რომლის თანახმად, თბილისს ჟენევის მრავალმხრივი მოლაპარაკების დროს დაგეგმილი აქვს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან (აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების თანდასწრებით) ხელი მოაწეროს შეთანხმებას (დეკლარაციას) ერთმანეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის რეზიუმეს:

ოპოზიციამ ეს განზრახვა „ქვეყნის ინტერესების ღალატად“ მიიჩნია: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ექს-მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოს მოწვეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამგვარი დოკუმენტის გაფორმება დაუშვებელია, რადგან ამით აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსი იზრდება და შეიძლება პირველ ნაბიჯადაც კი იქცეს მათი დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა უწყება სიტუაციის ასეთი სახით წარმოჩენას კატეგორიულად არ ეთანხმება: ჟენევის კონსულტაციებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ განაცხადა, რომ თბილისის მიზანს 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხილვა წარმოადგენს, რომელიც დღემდე ვერ ხერხდებოდა. განსაკუთრებით აუცილებელია ამ დოკუმენტის მე-5 მუხლის შესაბამისი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ სწორედ ძალის გამოუყენებლობის შესახებ პოლიტიკური განცხადების გაკეთება იქნება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გურამ დონდუას ტქმით, თუ პროცესი კონსტრუქციულად განვითარდება და გაჩნდება სივრცე უფრო კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებებისათვის, მაშინ ქართული მხარე უფრო მაღალ დონეზე გადავა.


საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დამოკიდებულების გამწვავება მხოლოდ ჟენევის დისკუსიების პერსპექტივას არ გამოუწვევია - უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გახდა პარლამენტის მიერ კანონპროექტ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღება. დეპუტატების აზრით, ეს კანონი იქნება იმ პირების ჩამონათვალი, რომლებიც დამნაშავენი არიან „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, დაკავებასა და წამებაში“. თბილისს იმედი აქვს, რომ ამ წამოწყების განხორციელებაში მას დასავლეთიც დაეხმარება.


„ყველა, ვინ კი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული საშინელი ფაქტის უკან დგას, პასუხისმგებლობაში იქნება მიცემული. ამ ყველაფერზე პოლიტიკურ ფასს რუსეთიც გადაიხდის“, - ამბობს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, - მთავარი მიზანი, რომელიც დეპუტატების წინაშე დგას, არა მარტო კანონის მიღებაა, არამედ ისიც, რომ ეფექტურად იქნეს გაკონტროლებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, თუ როგორ შეასრულებს მთავრობა კანონის მოთხოვნებს.


პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ფაქტზე. მასალაში აღნიშნულია, რომ „ოსურ მხარეს ექსპერტიზისთვის თითქმის ერთი თვე დაჭირდა. ცხინვალი კვლავ დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალაო, თანაც პარალელურად მას მძიმე სნეულებებიც აწუხებდა - ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი“. გარდაცვლილის ახლო ნათესავების თქმით კი, მას ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა, ცხედრის გადაცემის დაგვიანების მიზანი კი ის იყო, რომ მასზე ძალადობის კვალი გამქრალიყო. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრში ჩაატარა, რომელშიც დამოუკიდებელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა იმ პირების თქმით, რომლებმაც გარდაცვლილის სხეული (ხელის თითები) ნახეს, ექსპერტიზის გარეშეც ჩანს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამებია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930