6-05-2020
მსოფლიო ახლა კორონავირუსს ებრძვის, რომელსაც ყოველდღე ახალი სიმტომები ახასიათებს, ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გამონაყარიც გაუჩნდათ.
უფრო დეტალურად ამის შესახებ, კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი გიორგი არველაძე გვესაუბრება.
– ესპანეთში ჩატარებული ბოლო კვლევებით დადასტურებულია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში დადგინდა ხუთი ტიპის გამონაყარი.
პირველი არის ასიმეტრიული ფორმის, მოწითალო-მოლურჯო ფერის ლაქები, რომელსაც მოყინვის შედეგად წარმოქმნილ ლაქებს ადარებენ, ის უპირველესად ადამიანს ტერფზე და მტევანზე უჩნდება. მისთვის დამახასიათებელია ტკივილი და ქავილი.
მეორე სახის გამონაყარი არის, მცირე ზომის წყლულოვანი ელემენტები, მას ახასიათებს მსუბუქი ქავილი.
მესამე სახის გამონაყარი არის ულტიკამიური ელემენტები, რომელიც ჭინჭრის ციებისთვის ან ალერგიული ინფექციებისთვის არის დამახასიათებელი, რომელიც მთელ სხეულზე და კიდურებზე შესაძლოა იქნას ლოკალიზებული.
მეოთხე სახის გამონაყარს აქვს ლაქების და კვანძოვანი ერთობლიობის სახე, რომელიც იმ პაციენტებში გამოვლინდა, ვისაც მძიმე ფორმით ჰქონდა კორონავირუსი.
მეხუთე სახის გამონაყარია კაპილარული ქსელი, მოლურჯო-მოწითალო ელფერით და ის ხანდაზმულ ასაკში დაინფიცირებულ ადამიანებში იქნა გამოვლენილი.
– გამონაყარი შესაძლოა იყოს კორონავირუსის ნიშანი?
– არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ჯერ გამონაყარი ჰქონოდა პაციენტს და ამის შემდეგ დაესვათ მისთვის კორონავირუსის დიაგნოზი.
თითოეული ეს ნიშანი გამოუვლინდა კორონავირუსით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, ანუ მეორე ეტაპზე ხდებოდა კანზე ამ ცვლილებების გამოვლენა. ამიტომ კანის ამ გამოვლინებებს დიაგნოსტირების მთავარი როლი არ ჰქონია.
ეს გამონაყარი რომელიც კორონავირუსიან პაციენტებში დაფიქსირდა 10-14 დღის მანძილზე მიმდინარეობდა და ძირითადად იყენებდნენ სიმპტომურ მკურნალობას.
რიგ შემთხვევაში კი, თავისით ალაგდა. გვყავდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ეს გამოვლინებაც ჰქონდა ჯერჯერობით არ ვიცი.
– ბოლო პერიოდში ბევრ ადამიანს აწუხებს გამონაყარი კანზე, რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული?
– მილიონი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამას. სადეზინფექციო საშუალებები, რომლებიც სპირტზე და წყალბადის ზეჟანგზე მზადდება, პირბადე, ხელთათმანი, ის საშუალებები, რასაც ამჯერად ადამიანები იყენებენ ვირუსისგან თავის დასაცავად, შესაძლოა იყოს ალერგიის მიზეზი.
ძირითადი მეთოდები ინფექციისგან თავის დასაცავად რასაც იყენებენ ანტიბაქტერიული გარეგანი დაბანის საშუალებებია, ეს ხშირად ხდება კანის გამოშრობის და გაღიზიანების მიზეზი, რასაც შეიძლება დაემთხვას გამონაყარი, ქავილი, სიწითლე და ა.შ. ამიტომ მთავარია სწორიად იქნას დაგეგმილი კანის რუტინული მოვლა.
მათ ვისაც კანის მძიმე დაავადებები აქვს, ვურჩევ დასაბანი ანტიბაქტერიული საშუალებები დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებებით ჩაანაცვლოს.
უფრო ინტენსიურად მოხდეს კანის დატენიანება და ანთების საწინააღმდეგო კრემების ჩართვა ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც დაავადების გამწვავებისგან თავის არიდებაში დაგვეხმარება.
ვინც პირბადეს ატარებს, სასურველია არ ჰქონდეს მაკიაჟი, ან მსუბუქი მაკიაჟით შემოიფარგლოს. მათთვის ასევე რეკომენდირებულია თერმული წყალის გამოყენება.
– როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ანტიბაქტერიული გელი და ხსნარები?
– ანტიბაქტერიულ გელს და ხსნარს ასე ვერ შეარჩევ, ჯანმოს რეკომენდაციებით ყველა მათგანი სპირტს და წყალბადის ზეჟანგს უნდა შეიცავდეს.
სპირტის შემცველი გელი კი სიმშრალეს იწვევს, ვისაც ურთულდება მდგომარეობა მისი გამოყენების გამო, ჯობია ხელის დასაბანი დამარბილებელი საშუალება გამოიყენოს.
– ერთ-ერთი ექიმის თქმით, რეკომენდირებული არაა ახლა ხელზე კრემის წასმა, რატომ?
– მალამოს გამოყენების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, თუ სახეზე ვისმევთ ცხიმიან მალამოს, ეს საუკეთესო გარემოა ვირუსის საფიქსაციოდ.
ასევეა მაკიაჟიც. თუმცა ვისაც ძალიან მშრალი კანი აქვს, შეუძლია კრემი გამოიყენოს, რადგან სწრაფად მოხდება მისი შეწოვა.