6-05-2020
„ფრიდომ ჰაუსის“ საერთაშორისო ცნობილი ორგანიზაციაა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ესეთი გადაცდომები არის გამიზნული და უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რადიკალურად უპირისპირდება საკმაოდ მაღალი დონის საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების და ასევე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტნიორების შეფასებებს.
„სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოში ჩატარებული რეფორმა შეფასებულია არათუ მარტო მაღალ დონეზე, არამედ საქართველო პირველ ოცეულშია მსოფლიოში იმ ქვეყნებს შორის, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არის მაღალი. თუკი რამე კონკრეტული ქეისი აქვს ამ ორგანიზაციას, სადაც ამაში ეჭვი ეპარება, უნდა წარმოადგინოს. ან რა იცის მან იმ კანდიდატების ავტორიტეტი, რომელიც განიხილებოდა. წლების განმავლობაში მათ ავტორიტეტს თუ ხინჯი ვერ მოუძებნეს, ახლა, თუკი არ არის პოლიტიკური მიკერძოება, რატომ აღმოჩნდა ასეთი დასკვნა მათ ანგარიშში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში არის მთელი რიგი ფაქტობრივი შეუსაბამობები და ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თითქოს, პოლიტიკური აქტივობის შემდეგ გამოაშკარავეს, როგორც გარკვეული დარღვევის ჩამდენი.
„გარდა ამისა აბსოლუტურად არანაირი სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება, თუ რატომ მოხდა ის, რომ სრულიად პროპორციულ სისტემაზე შემოტანილი საკითხი ჩავარდა და რამდენად იყო ეს ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ინტერესი. სწორედ ახლა ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა ქვეყნისათვის დამანგრეველი და შექმნიდა ისეთ კრიზის, რომელსაც ქვეყანა ნამდვილად ვერ გაუძლებდა, ვერც თავისი ეკონომიკური და ვერც პოლიტიკური რესურსით. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის ძალისხმევა რაც მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებს გააჩნდათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არის კიდევ მთელი რიგი ფაქტობრივი შეუსაბამობები, რომლებიც, რასაკვირველია, „ფრიდომ ჰაუისის“ ავტორიტეტს არ შეესაბამება.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, ანგარიშში არის მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც უნდა განიხილოს და გაითვალისწინოს არა მარტო საქართველომ, არამედ ევროპულმა ქვეყნებმა რომლებიც საქართველოსთან ერთად მოიხსენება შენიშვნების ნაწილში.