7-05-2020
სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტებისა და ახალი სამკურნალო მიდგომების დასადგენად. ერთ-ერთ მეთოდზე - პლაზმაფერეზის და/ან ექსტრაკორპორული „სისხლის გაწმენდის“ საშუალებით განცხადება ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემაც გააკეთა.
ა.წ. 10 აპრილს, აშშ FDA-იმ გასცა ნებართვა ე.წ. „ექსტრაკორპორული სისხლის გაწმენდის“ მეთოდების გამოყენებაზე 18 წელზე მეტი ასაკის მქონე COVID-19-ით მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც მოთავსებულნი არიან ინტენსიური თერაპიის ბლოკში. მსგავსი მეთოდით პაციენტების მკურნალობა საქართველოშიც დაიწყო.
„ავადმყოფი - კ.ა. მამაკაცი, 60 წლის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში შემოვიდა COVID-19-ის დიაგნოზით ა.წ. 1 აპრილს. შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, ძლიერი ადინამია, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა. რადიოლოგიურად დაფიქსირდა ორმხრივი ფილტვების ანთება და რიგი სერიოზული გადახრები ლაბორატორიული კვლევებით. პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით), ანტიბიოტიკებით, ფრაქსიპარინით და სხვ. მკურნალობის პროცესში ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და სხვ. სისხლის და ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევით ბაქტერიული კულტურის ზრდა არ დაფიქსირდა. სისხლში ინტერლეიკინ - 6-ის მაჩვენებელი - 47 pg/mL (N <7 pg/mL). ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ჩაითვალა, რომ პაციენტის დამძიმების მიზეზი იყო ე.წ. „ციტოკინური შტორმი“.
ა.წ. 13 აპრილს ავადმყოფს ჩაუტარდა პლაზმაფერეზის პროცედურა. მარჯვენა იდაყვის ვენის მიდგომით მოშორდა 2 ლ-მდე მომწვანო ფერის პლაზმა. ჩანაცვლება მოხდა ახლადგაყინული პლაზმით და ალბუმინის ადეკვატური რაოდენობით. პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ. თუმცა ამ უკანასკნელების სრული ნორმალიზება არ მომხდარა. ა.წ. 18 აპრილს გაკეთდა პლაზმაფერეზის მე-2 პროცედურა, რის შემდეგაც ავადმყოფის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ინტერლეიკინ - 6-ის მაჩვენებელი შემცირდა 4,75 pg/mL-მდე. მოხდა სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზება და ა.წ. 26 აპრილიდან მას არანაირი კლინიკური სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა. ა.წ. 1 და 2 მაისს 24 საათის ინტერვალით ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალაში SARS-CoV-2-ის რნმ-ზე პჯრ კვლევით მიღებულ იქნა უარყოფითი შედეგი, რის შემდეგაც პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გაჯანმრთელებულ მდგომარეობაში.“ განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით.