8-05-2020
გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ სეზონზე ვირუსი დამარცხებული იქნება - ძნელია, მაგრამ ამის წინაპირობები არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „postv“-ის ეთერში განაცხადა.
„საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა“, - განაცხადა მარიან ენდელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის 2 თვე ექიმებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო.
„ეს ორი თვე ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო. სერიოზული დაღლა და შრომა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც დიდი სიამოვნება იმის, რომ შევძელით რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, ჩვენს ხალხს და ქვეყანას რაღაცით გამოვადექით“, - აღნიშნა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.