9-05-2020
ჩვენ გვაქვს უპირატესობა ევროპის ქვეყნებთან - იტალიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, თვით გერმანიასთანაც კი, რომელიც ევროპაში სამაგალითოდ ითვლება. უპირატესობა იმაშია, რომ მათ საგანგებო ზომების ეტაპობრივად მოხსნა გაცილებით უფრო ცუდი მოცემულობის ფონზე მოუხდათ. ჩვენ ეს გვიწევს მისაღები მოცემულობის, ეპიდემიის ზომიერი გავრცელების პირობებში. სიტყვა „ზომიერსაც“ სიფრთხილის გამო ვამბობ, თორემ, ფაქტიურად, მცირე გავრცელება გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ანატომიასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ახლა ყველაფერი ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. საზოგადოებამ როგორმე უნდა გამოიჩინოს ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მაღალი თვითშეგნება, რომ ის, რასაც მას სთხოვდა საგანგებო ზომები და დღეს აღარ მოეთხოვებათ, მაინც შეასრულოს. მანქანების, ქალაქებს შორის მიმოსვლა განახლდა, მოიხსნება სხვა სერიოზული შეზღუდვებიც, გაიხსნება მაღაზიები, კაფე-ბარები, მაგრამ სამი ძირითადი მოთხოვნა მაინც უნდა შეასრულოს ყველა მოქალაქემ - არა ჯარიმის შიშით, არამედ - მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო. ეს მოთხოვნებია: სოციალური დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა. ესაა სამი ყველაზე მარტივი ღონისძიება, რომელიც, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. ამის შესრულება არც ისე დიდი ტრაგედია არაა“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.