10-05-2020
საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, როგორც ცნობილია, განსაკუთრებული დიპლომატიური ნიჭის გარდა, იუმორის განსაკუთრებული ნიჭითაც იყო დაჯილდოებული, რაც, როგორც თავად აცხადებდა, ხშირად დახმარებია დაძაბული და პრინციპული საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე შევარდნაძესთან დაკავშირებით ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც მან ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში გაახმოვანა:
"ერთ დილას, 8 საათზე, "როიტერის" აქაურმა კორესპონდენტმა დამირეკა და მითხრა, რომ შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა. გამიკვირდა - ამ დილაუთენია რა დროს ინტერვიუა-მეთქი? მიპასუხა, რომ ცენტრიდან დავალება ჰქონდა მიღებული. თურმე, რეიგანი სიკვდილის პირასაა და "როიტერმა" მთელს მსოფლიოში თავის კორესპონდენტებს მოსთხოვა იმ ადამიანებთან ინტერვიუს ჩაწერა, ვისაც რეიგანზე რამის თქმა შეეძლო. საქართველოში შევარდნაძესთან ინტერვიუ მოუთხოვიათ. თან დასძინა, რომ ყველაფერი სასწრაფოა, რადგან როცა რეიგანი გარდაიცვლება, ინტერვიუები ეთერში მაშინვე უნდა გავიდესო. ეს ჩვეულებრივი, ჟურნალისტური აზარტი იყო.
ცხრას რომ თხუთმეტი წუთი აკლდა შევარდნაძის კაბინეტში კამერებით შევედით. მან რეიგანის ბრწყინვალე პორტრეტი შექმნა. საუბარი რომ დამთავრდა, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ჟურნალისტმა დაარღვია დუმილი და უთხრა - ჩემი რეაქცია ვერც კი დაგანახეთ, ისეთი აღფრთოვანებული ვარო. ვიცი სხვების ჩანაწერების შესახებ და თქვენ ინტერვიუსთან ვერცერთი მათგანის ინტერვიუ ვერ მოვაო.
- რა გვეშველება მერე? - იკითხა შევარდნაძემ;
- რატომ, რა გვეშველება? - გაოცდა ჟურნალისტი;
- რომ არ მოკვდეს რეიგანიო? - უთხრა შევარდნაძემ.
ისე აგიხდეთ ყველაფერი. რეიგანმა კიდევ რამდენიმე წელიწადს იცოცხლა"- იხსენებს რამაზ საყვარელიძე.
p.s. მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით