11-05-2020
„ამან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩემი ოჯახის კომფორტს, მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ამის საშუალება, იმისთვის, რომ დარტყმა შემემცირებინა, მე არავითარი ზომები არ მიმიღია“, – ამბობს ციხიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე.
როგორ გაქრა წინა ხელისუფლების დროს გირგვლიანის საქმიდან ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თამარ სალაყაიას სახელი და რას წერს დათა ახალაია საიდუმლო პატაკში შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს?
კუდის ყოფილი უფროსის საიდუმლო პატაკში დასახელებულია შარდენ-ბარში მყოფთა ვინაობები, გარდა ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თამარ სალაყაიასი.
ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ პატაკში ნახსენები კუდის თანამშრომლები წიანსწარი შეთანხმებით წავიდნენ ციხეში, რათა მათ არ ეხსენებინათ, არც დათა ახალაია და არც თამარ მერაბიშვილი.
ხელახალი გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ამ მიზნით სოლიდური გასამრჯელო, კერძოდ 100-100 ათასი ლარი და პრეზიდენტის შეწყალების დაპირება მიიღეს.
აი, რას წერს დათა ახალია საიდუმლო პატაკში ვანო მერაბიშვილს:
„როგორც თქვენთვის ცნობილია, დანაშაულის ჩადენის დღეს, ანუ 2006 წლის 28 იანვარს დაახლოებით 3:30 საათამდე, ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, ვიმყოფებოდი ზემოთ მითითებულ „შარდენბარში“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, სადაც ამ უკანასკნელის მიწვევით უნდა მოსულიყო, ასევე, კუდის პირველი სამმართველოს უფროსი გია (გერონტი) ალანია.
მე რამდენჯერმე ვესაუბრე მას მობილური ტელეფონით, რა დროსაც ის დაბეჯითებით მარწმუნებდა, რომ მოემართებოდა „შარდენბარში“.
დაახლოებით 3:00 საათზე მან შემატყობინა, რომ ვერ შეძლებდა მოსვლას, რადგან პირად საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შეხვედროდა თავის მეგობარს, რომლის ვინაობაც არ დაუსახელებია.
2006 წლის 2 თებერვალს ტელეფონით დამიკავშირდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი კონსტანტინე არჩაია და მომახსენა.
გია ალანიას თხოვნით მას შსს-ს მე-2 ადმინისტრაციული შენობის (მოდულის შენობა) ეზოდან უნდა გაეყვანა სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული „მერსედეს მლ“-ის მარკის ავტომობილი.
მე დავინტერესდი ავტომობილის ფერით, რაზეც მან მიპასუხა, რომ ის იყო ვერცხლისფერი“, – წერს დათა ახალაია.
საიდუმლო პატაკში აღნიშნულია, რომ დროის ამ მონაკვეთში მოდულის შენობიდან მართლაც გავიდა ვერცხლისფერი „მერსედეს მლ“, რომლითაც კუდ-ის ოპერატიული მუშაკი, ავთანდილ აფციაური სარგებლობდა და სადაც ისხდნენ გია ალანია და კუდ-ის თანამშრომელი ალექსანდრე ღაჭავა.
„ოპერატიული საშუალებებით მოპოვებული და გაანალიზებული იქნა გამოსაკვლევ პერიოდში, ანუ 2006 წლის 28 იანვარს 2 საათიდან 4 საათამდე გია ალანიას მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბრების ამსახველი დეტალური მონაცემები, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, აღდგენილ იქნა ამ უკანასკნელის მოძრაობის სავარაუდო მარშრუტი.
აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის 28 იანვარს დანაშაულის ჩადენის პერიოდში ის იმყოფებოდა შპს „ჯეოსელის“ იმ ანძის მომსახურების არეალში, რომელიც ფარავს სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიას.
ამასთანავე, გია ალანია თავისი მობილური ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა კუდ-ის ოპერატიულ თანამშრომელს, მიხეილ ბიბილურიძეს, რომელიც, თავის მხრივ, ამავე პერიოდში იმყოფებოდა მითითებული ანძის დაფარვის ზონაში.
ამრიგად, ერთი მხრივ, გია ალანიასა და კუდ-ის ზემოდასახელებული სხვა მუშაკების და, მეორე მხრივ, სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მონაწილე პირების გადაადგილების მარშრუტი, ფაქტობრივად, იდენტურია.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის წინ მე შესაბამისი ლეგენდით ვკითხე გია ალანიას, ხომ არ იმყოფებოდა ის დანაშაულის ჩადენის დღეს სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან ჰყავდა თუ არა გაყვანილი „მერსედეს მლ“-ის მარკის ავტომანქანა, რაც მან საკმაოდ დაბნეულმა და აღელვებულმა უარყო“, – წერს დათა ახალაია.
ამავე წერილში კუდ-ის დირექტორი ვანო მერაბიშვილისგან ითხოვს თანხმობას აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ვინაიდან მოპოვებული მონაცემები „იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაკები“.
როგორც ჩანს, დათა ახალაიამ ამ საიდუმლო პატაკის შემდეგ ვანო მერაბიშვილისგან სრული ნდობა მიიღო საქმის გამოძიების მიზნით, ვინაიდან, თავის მხრივ, მერაბიშვილმა საიდუმლო წერილი მისწერა ზურაბ ადეიშვილს და მთელი ეს ინფორმაცია მას გადააბარა.