11-05-2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს ქ.თბილისში, ფონიჭალაში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ა.ა.-მ და ნ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იჩხუბეს. მათი გაშველება იქვე მყოფმა მოქალაქეებმა შეძლეს. ჩხუბით განაწყენებულმა ა.ა.-მ თავის საცხოვრებელი ბინიდან გადაჭრილი სანადირო თოფი აიღო, ეზოში დაბრუნდა, მოძებნა იქვე მყოფი ნ.კ., რომელსაც მეზობლები ამშვიდებდნენ და განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა მას. გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანების შედეგად ნ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნულს იქვე მყოფი რ.ი. შეესწრო, რომელმაც ა.ა.-ს ავტომობილის საბურავი ესროლა. ა.ა.-მ მას იარაღი დაუმიზნა რის გამოც რ.ი. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ა.ა. გაეკიდა მას და მოკვლის მიზნით ზურგის არეში ესროლა. ა.ა.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვეღარ შეძლო, რადგან დაჭრილი რ.ი. კორპუსებში მიიმალა.
სამართალდამცველებმა ა.ა. 2019 წლის 7 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 236-ე მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 5 წლით ჩამოერთვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება.