გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: საქართველოს, როგორც ტურისტულ ბრენდს უნდა დავუმატოთ გამაძლიერებელი კომპონენტი - Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი

11-05-2020

შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ეკონომიკის გახსნის კონკრეტული გეგმა, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ტურიზმის არის ეკონომიკის ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა შევზღუდოთ, პირიქით. მე დღეს კოლეგებთან ერთად ვსაუბრობდი და გავიმეორებ, რომ ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, პირველ რიგში, ეს უნდა ვაჩვენოთ ტურიზმის სექტორში. საერთოდ საქართველოსთვის პანდემია, ეს გლობალური კრიზისი უნდა გახდეს ახალი შესაძლებლობა ეკონომიკური აღდგენის და წინსვლის, ეკონომიკური აღორძინების. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ კონკურენციაზე, სადაც ჩვენ, მას შემდეგ რაც სხვებთან შედარებით კარგად, ნორმალურად ვმართეთ პანდემიის რისკები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და საქართველოს შეუძლია გლობალურ კონკურენციაში წლის დასაწყისთან შედარებით გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სექტორში, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე და მომავალი წლის დევიზად უნდა ვაქციოთ: „კრიზისი - როგორც შესაძლებლობა“, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში განაცხადა, სადაც აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის და ლოკაციის სიძლიერეს უნდა დაემატოს ახალი კომპონენტი - პანდემიისგან უსაფრთხო ზონა და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი გახდა ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, მნიშვნელოვანი სექტორი. გარდა ამისა საქართველო, როგორც ტურისტული ლოკაცია მსოფლიოში გახდა ძალზედ ცნობილი და როგორც ტურიზმის წერტილი გახდა ძლიერი ბრენდი თავისი 8 000 წლიანი მეღვინეობის ისტორიით, თავისი ათასწლეულების ისტორიით, სამზარეულოთი, კულტურით და ყველაფრით. უამრავი ადამიანი მოილტვოდა საქართველოსკენ და გააჩნია სურვილი ნახოს საქართველო. ჩვენ საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის და ლოკაციის სიძლიერეს უნდა დავუმატოთ ახალი კომპონენტი - პანდემიისგან უსაფრთხო ზონა, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთი გამოვლინება უნდა იყოს კრიზისის როგორც შესაძლებლობის. ქართული ტურიზმი კი არ უნდა შეშინდეს და უკან დაიიხიოს, მან უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ჩვენ Covid-19-ის ინფექციას ვმართავთ ისე, რომ ამავდროულად შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები და სტუმრები ჩვენს ქვეყანაში, ესაა ფორმულა, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, პირველ რიგში, აჭარაში. აქ ბევრი წარმატებული სასტუმროა, მოგეხსენებათ, ბევრი წარმატებული ტურისტული კომპანიაა, ვისაუბრეთ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, ჩვენ შევქმნით ჯგუფს, რომელიც იქნება ფოკუსირებული და იმუშავებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ აჭარისთვის კონკრეტული უსაფრთხოების წესების დასაცავად იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად აჭარაში ტურიზმი აღვადგინოთ, მაგრამ ყველა ეს გეგმა დაგვრჩება უკან და იქნება უსაფუძვლო, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კომპანიამ და სახელმწიფომ არ დავიცავით ელემენტარული წესები,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა ანახოს მსოფლიოს, რომ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ტურისტები, ამუშაოს ეკონომიკა და ამავდროულად, წარმატებულად უმკურნალოს Covid-19-ით ინფიცირებულ როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე სტუმრებს.

„სამწუხაროდ ყველა უნდა შევეგუოთ, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესები ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა, ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ ადაპტაციას. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია და მთელ მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები, ვამუშაოთ ეკონომიკა და ამავდროულად შეგვიძლია წარმატებულად ვუმკურნალოთ Covid-19-ით ინფიცირებულ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს. შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ახალი ზრდის წერტილების, ახალი გარღვევების აღმოჩენის შესაძლებლობა და საქართველოს როგორც ტურისტულ ბრენდს უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი გამაძლიერებელი კომპონენტი, საქართველო, როგორც Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი, Covid-19-ის ეფექტურად მმართველი და Covid-19-სგან სუფთა ქვეყანა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930