12-05-2020
ცნობილი თურქი მწერლის, 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან ფამუქის ერთ-ერთ რომანში "თოვლი", ერთ პატარა ეპიზოდში, თურქეთში საშოვარზე ჩასული ცოლ-ქმარია აღწერილი. ისინი მოხსენიებული არიან როგორც წურბელები, ღატაკები და წუწურაქები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ თავიანთი მორალური მხარით არ გამოირჩევიან, თურქებს სამუშაო ადგილს ეცილებიან.
გთავაზობთ ფრაგმენტს ნაწარმოებიდან:
"ნახშირისა და ბინძური თეთრეულის სუნით აქოთებულ სარდაფში ჩავიდნენ. კაცი, რომელიც წინ მიუძღოდათ, გათბობის ქვაბის გვერდით მუყაოს ცარიელი კოლოფებისა და ბოსტნეულის ყუთებისგან შეკოწიწებულ კუთხეს მიადგა. იქ სახელდახელოდ მოწყობილ საწოლზე ახალგაზრდა ქალს ეძინა. თეთრი, ფითქინა კანი ჰქონდა და არაჩვეულებრივად ლამაზი იყო"-წერს მწერალი, თუმცა ქართველი ქალის სილამაზის აღნიშვნის შემდეგ მის დახასიათებას ამგვარად აგრძელებს:
"იმ ქალს ჭლექი აქვს, მაგრამ მაინც ბოზობს და ქალაქში ჩამოსულ მესაქონლეებსა და ტყავის ვაჭრებთან ცხოვრობს. კაცი კი, დანარჩენი ქართველების მსგავსად, ნახევარ ფასად მუშაობს და შედეგად, მუშების ბაზარზე ორმოც წელიწადში ერთხელ გამოჩენილ სამუშაო ადგილს თურქეთის მოქალაქეებს ცხვირწინ აცლის.
ეს ცოლიცა და ქმარიც იმდენად ღატაკები და წუწურაქები იყვნენ, რომ სასტუმროს ფულსაც არ იხდიდნენ, წყლის სამმართველოს უფროსს თვეში ხუთ დოლარს უკუჭავდნენ და ამ საქვაბეში ცხოვრობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ იყვნენ დეპორტირებულები, რაღაც მანქანებით "თავიანთ" საქვაბეში დაბრუნებას მაინც ახერხებდნენ. ამგვარი წურბელები, რომელთა მოშორებას მექრთამე პოლიცია ვერ ახერხებდა, ყარსში სამხედრო ხელისუფლებას უნდა მოესპო"-წერს ფამუქი.
წყარო: გაზეთი "ახალი თაობა"