13-05-2020
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემასთან და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით შედგა და რომელიც მთელმა მსოფლიომ აღნიშნა, უნდა გატარდეს ცხოვრებაში.
„იმედი გვაქვს სხვა კოლეგების მხარდაჭერის, იმედი გვაქვს ოპონენტები, ვინც დღეს გამოდიან ესოდენ ხისტად, დაფიქრდებიან უპირველეს ყოვლისა საქართველოს, ქვეყნის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის დღევანდელი მოლაპარაკების საპასუხოდ.
მისივე თქმით, ფაქტები იმაზე მეტყველებენ, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანს მაინც დესტრუქცია წარმოადგენს, ვინაიდან დარწმუნებული არ არიან გამარჯვებაში.
„რაც დრო გადის სულ მეტი და მეტია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დესტრუქცია არის ერთადერთი გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ფორმულით და სისტემით, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, ალბათ გამარჯვების იმედიც უნდა ქონდეთ და შემდეგ საზოგადოება თუ გადაწყვეტს, რომ ადამიანები, რომლებსაც ისინი ასახელებენ, არიან პოლიტიკური პატიმრები, კიდევ სხვა ნიშნებით მხარს დაუჭერენ და ალბათ განახორციელებენ შემდეგ იმ უკანონო ბრძანებას, რასაც მოუწოდებენ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ეს პერსპექტივა გამარჯვების რომ არ არსებობს, საფუძველს მაძლევს, რომ კიდევ ერთხელ და რამოდენიმეჯერ გავიმეორო, რომ სწორედაც უპერსპექტივობა განაპირობებს დესტრუქციას, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ხელისუფლება სრულად ასრულებს თავის ვალდებულებას, ამასთანავე კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ პოლიტიკური რესურსის ჩარევა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემაში - „ასეთი რამ არ უნდა იქნეს დაშვებული, ასეთი პრაქტიკა ჩვენ დიდი ხანია ამოვიღეთ ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან“, აღნიშნავს ის.
გიორგი ვოლსკი ხაზგასმით აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ჩამოყალიბებულია მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საარჩევნო სისტემა.
„იყო სერიოზული შეკითხვები, როდესაც პროპორციული არჩევნების თემა იდგა და მათვე, ჩვენმა ოპონენტებმა, მოგვცეს საფუძველი, მათ შორის, მეც, რომელიც მხარს ვუჭერდი პროპორციულ სისტემას, ბევრი ჩემო მეგობარი და კოლეგა დავმდგარიყავით იმ აზრზე, რომ ისინი სწორედაც ამზადებდნენ დესტაბილიზაციას ქვეყნისათვის, როდესაც ვერ იქმნება კოალიციური მთავრობა და შევდივართ ისეთ პოლიტიკურ პერიოდში, რასაც პირდაპირ ჰქვია დესტაბილიზაცია - მთავრობის ვერ ჩამოყალიბება, დაპირისპირების ხარისხის გაზრდა და ეს ვისაც აწყობს, ყველამ კარგად იცის ამის თაობაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.